23.09.2014
გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია
სიახლეები "ზესტაფონიდან"
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ახალი და კარგი ამბებია. როგორც ჩანს, კლუბი ნელ-ნელა უმკლავდება ფინანსურ კრიზისს, რომელმაც მარგველთა ბანაკი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ მოიცვა.
დავიწყოთ ზესტაფონში მშენებარე ბაზით, რომელიც თითქმის დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა. ადგილობრივ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ბაზის მშენებლობა მოკლე ვადებში დამთავრდება.
"ზესტაფონსა" და ადგილობრივ გამგეობას შორის აქტიური და წარმატებული კონსულტაციები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტმა 50-პროცენტიანი წილი შეიტანოს ქალაქის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენახვა-განვითარების საქმეში. ბაზასთან ერთად, აქ იგულისხმება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონიც.
ანუ, საკითხი ასე დგას: მუნიციპალიტეტი მიხედავს საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, კლუბის მფლობელი ილია კოკაია კი გუნდის დაფინანსებას ჩვეულებრივ გააგრძელებს.
პროგრესი უკვე ჩანს - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოვლას თანხმდებიან.
ცალკე უნდა ითქვას, რომ ზესტაფონის რაიონის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი სისტემატურად ესწრება გუნდის საშინაო მატჩებს, რაც ძალიან მისასალმებელი და დასაფასებელია... მან და კლუბის მფლობელმა ილია კოკაიამ ერთად უყურეს "შუქურასთან" საშინაო მატჩს და პარალელურად, კლუბის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს...
მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ბაზას თბილისის ზღვაზეც აშენებს, სადაც მომავალში გაიხსნება კლუბის აკადემია, ხოლო მთავარი გუნდი აღმოსავლეთ საქართველოში გასამართი მატჩებისთვის მოემზადება.
დღესდღეობით იმერელთა თბილისურ ბაზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ორი დღის წინ იქ მინდვრის დაგებაც დაიწყეს.
თავის დროზე, ეს მინდორი ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზე დაიგო, თუმცა სამუშაოების შესრულების პერიოდში დაშვებული მცირე უზუსტობების გამო ბალახის საფარს ოდნავ გადაადგილება სჭირდებოდა. სწორედ ეს მინდორი გადაიტანეს თბილისურ ბაზაზე, ზესტაფონში კი მის ნაცვლად ახალი საფარი დაითესება.
დაბოლოს, ერთი სიახლეც - როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღეში "ზესტაფონი" ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთ სოლიდურ სპონსორთან გააფორმებს ხელშეკრულებას. კლუბი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ამ კომპანიის ვინაობას, თუმცა ამასაც მალე გავიგებთ...
იბეჭდება მცირე ცვლილებებით...
|
|
"ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე პირველი მოედნის დაგება დაიწყო |
|