Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.09.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"მიხეილ მესხზე" მოპოვებული სამი ქულა

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 16 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, სანაკრებო ბატალიების გამო გადადებული, რიგით მეოთხე ტურის შეხვედრები. მიხეილ მესხის სახელობის თბილისის სტადიონის მთავარ არენაზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა გუნდის უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მარგველებს ანგარიშის გახსნის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტაბლოზე საკმაო ხანს ნულოვანი ფრე იყო დაფიქსირებული. ბოლო-ბოლო, 34-ე წუთზე ლევან შარიქაძემ კარგი გადაცემით შეტევის მარცხენა ფლანგზე მოძებნა ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელიც მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა.

 

37-ე წუთზე იმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - ბოლნისელთა კართან დანიშნული ჯარიმის შესრულება თავის თავზე მალხაზ გაგოშიძემ აიღო. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ "სიონის" გოლკიპერ ზურაბ ბათიაშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და მასთან პირველი გიორგი ილურიძე გაჩნდა...

 

ტაიმის მიწურულს ზესტაფონელებს კიდევ მართებდათ გატანა - ჯერ მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ ბოლნისელთა საჯარიმოში სახიფათოდ შეჭრილი გიორგი ჭანკოტაძის წაქცევის ეპიზოდში წასის დარღვევა არ დააფიქსირა, შემდეგ კი მასპინძლები გიორგი ილურიძემაც დაინდო.

 

მეორე ტაიმში სტუმრებმა ოდნავ უკან დაიხიეს, აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და სწრაფ კონტრაქციებზე გააკეთეს. უნდა ითქვას, რომ მარგველთა ასეთი ტაქტიკა გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა, მათ შემტევებს "სიონის" კართან შექმნილი მომენტები ჯეროვნად რომ გამოეყენებიათ. მასპინძელთა კართან ხიფათს ზესტაფონელები მთელი ტაიმის განმავლობაში ჰქმნიდნენ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ სტადიაში ბევრს სცოდავდნენ.

 

შედეგად, 79-ე წუთზე ბოლნისელებმა მატჩის დასკვნით ნაწილს ინტრიგა შეუნარჩუნეს - ქვემოქართლური გუნდის სწრაფი შეტევა და ბოიან პავლოვიჩის საჯარიმო მოედანზე გაკეთებული მაღალი ჩაწოდება გოლად მასპინძელთა მცველმა გივი კვარაცხელიამ აქცია.

 

ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების შემდეგ, ისინი დაცვაზე აქცენტის გაკეთებას, ბედის შეტევაში ძიება ამჯობინეს და არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, ავთო ენდელაძის პასის შემდეგ, თორნიკე კაპანაძემ დღევანდელი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

 

 

16.09.2014. ”სიონი” (ბოლნისი) - ”ზესტაფონი” 1-3

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014