09.09.2014
ინტერვიუ თედორე გრიგალაშვილთან
ჩვენც ფეხბურთელები ვართ
ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებში მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლის წინ 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ახალგაზრდა ნარინჯისფერთა შორის თამაშობენ "აიაქსის", "პსვ"-ს, "ფეიენოორდისა" და "ტვენტეს" ძირითადის ბიჭები, პლუს, ნათან აკე "ჩელსიშია", მარკო ვან გინკელი "მილანში" და მაინც, ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილებმა გასვლაზე 1:0 სძლიეს.
შეიძლება თამამად ითქვას, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გასვლაზე ასეთ გუნდთან ისტორიაში არ მოუგია. თამაშიც კარგი გამოვიდა და ვერავინ იტყვის, რომ ჩივაძის შეგირდების გამარჯვება ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო.
ჰოლანდიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თედო გრიგალაშვილი. "ზესტაფონის" ცენტრალურ მცველს გოლის გატანამდეც ცოტა დააკლდა. იმ დროს ტაბლოზე ჯერ ნულები ენთო. თედოს დავუკავშირდით და მეტწილად, დევენტერში გამართულ შეხვედრაზე ვესაუბრეთ:
- რა იყო მთავარი ფაქტორები, რამაც ჰოლანდიაში მოგებამდე მიგიყვანათ?
- უპირველესად, თავდადება და გუნდური სული. წმინდა სათამაშო კუთხით კი, კარგად შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები: მეორე ნომრად თამაში, კონტრშეტევებზე გადასვლა და სივრცეების ჩაკეტვა. რაც შეიძლება ახლოს უნდა ვყოფილიყავით ერთმანეთთან. ვიცოდით, რა დონის ნაკრებს ვეთამაშებოდით და თბილისში 0:6 წაგებამაც გამაღიზიანებლად იმოქმედა.
- ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნა და დაზღვევა – ამას დიდი ფიზიკური მომზადება, ბევრი მოძრაობა და გამძლეობა სჭირდება.
- დიახ, ასეა და მართლაც კარგად ვიყავით მომზადებულნი. ბოლო წუთებში ჰოლანდიელებმა ისეთი შტურმი ვერ მოაწყვეს, როგორც ამას ფავორიტი ნაკრებები აკეთებენ აუტსაიდერებთან. ამან გამახარა: ესე იგი, სულაც არ ვყოფილვართ აუტსაიდერები.
- მეორე ტაიმში ჰოლანდიის ნახევარზე გახშირდა თამაში. ეს ჩივაძის დავალება იყო? რა გითხრათ შესვენებისას?
- ჩივაძემ გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ კლუბებში თამაშობენ, ნაკლებები არ ხართო. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს აუცილებელი იყო. პირველ ტაიმში ძალაუნებურად მაინც მოქმედებდა მეტოქის სახელი, მეორეში კი სხვა თამაში დავიწყეთ, წინ ბურთი დავიჭირეთ და აქტიურად ვიმოქმედეთ.
- ხშირად გიწევდა ლუკ კასტანიოსის წინააღმდეგ მოქმედება, რომელიც თბილისში ბრწყინვალე იყო, ამჯერად კი ისე ვეღარ ითამაშა.
- ვერ ვიხსენებ, რომ ასეთი ძლიერი თავდამსხმელის წინააღმდეგ როდესმე მეთამაშოს. "ზესტაფონი"-"შახტარი" რომ იყო, ედუარდო და სხვა სახელიანი ფორვარდები ვნახე, მაგრამ კასტანიოსი უფრო მომეწონა. ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს. ჰოლანდიასთან თბილისურ მატჩში სათადარიგო ვიყავი, ამჯერად კი გამოვცადე, თუ რა ძალას წარმოადგენს.
- ხარიხას რომ მოარტყი ბურთი, ის მომენტიც გაიხსენე...
- უნდა გამეტანა, ცოტა დაბლა უნდა დამერტყა. გიორგი ჭანტურია აწვდიდა კუთხურს, უცებ დავუძახე, ახლო ძელთან ჩამიწოდე-მეთქი. კარგად წამოვიდა ბურთი, მაგრამ...
- ჰოლანდიელები ცოტა მოშვებულები ხომ არ გამოვიდნენ მინდორზე? ეტყობოდათ ასეთი რამ?
- არა. პირველივე წუთებიდან ეტყობოდათ, რომ კონცენტრირებულნი იყვნენ, თანაც, მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ინაღდებდნენ. ის 0:6 პირადად მე ლოგიკიდან ამოვარდნილი მგონია და ძალთა თანაფარდობას რომ არ შეესაბამებოდა, ჰოლანდიაში დავამტკიცეთ. ჩემი აზრით, ამჯერად სხვა მუხტი შემოიტანეს 19-წლამდელებმა, რომლებიც ვასილ მაისურაძის ნაკრებში თამაშობდნენ. და თბილისში ასეთი დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, გაღიზიანებულები ვიყავით. გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენც ფეხბურთელები ვიყავით. ჩივაძეც ხშირად გვეუბნებოდა ამას და რწმენა ჩაგვინერგა.
- ვიცით, რომ ჩივაძე ხშირად გიყვებათ თავის ისტორიებს...
- ვარჯიში არ გავა, რომ არ მოგვიყვეს. დადებითად მოქმედებს, როცა ამხელა ფეხბურთელს უსმენ.
- ჩივაძეზე, როგორც მწვრთნელზე, რას იტყოდი?
- გუნდურობას დიდ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ძალიან უყვარს შემოქმედებითი ფეხბურთი და თავისთავად, შემოქმედი მოთამაშეები. სიამოვნებს, როცა ვინმე რაიმე არაორდინალურს აკეთებს მინდორზე. თავად, მცველობის მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, შეტევაში დიდი სარგებელი მოჰქონდა გუნდისთვის, გოლებს იტანდა.
- ანუ, თქვენთვის დიდი ავტორიტეტია?
- რა თქმა უნდა. ჩივაძისგან ბევრის სწავლა შეიძლება.
- 19 წლის ასაკიდან, თითქმის რეგულარულად "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ხარ. მოკლედ მოგვიყევი, როგორ გაიარე ეს გზა.
- "სასკოში" ვიყავი მწვრთნელ თენგიზ კაციასთან, საიდანაც "ზესტაფონში" მოვხვდი. ჯერ დუბლებში ვიყავი, მაგრამ გია ჭიაბრიშვილმა ძირითად გუნდში გადამიყვანა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში მათამაშა "ნეფთჩის" წინააღმდეგ. უმაღლეს ლიგაში არ მქონდა ნათამაშები და უცებ ევროტურნირებზე დამაყენა, რაც დიდი ნდობა იყო. ჭიაბრიშვილმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩემს კარიერაში.
- "ზესტაფონმა" სეზონი სუსტად დაიწყო. რატომ?
- როგორც იცით, ტრნავას "სპარტაკთან" მარცხის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვერ მოვემზადეთ და ამან დაღი დაგვასვა. ხომ ნახეთ, "ჩიხურასთან" და "დინამო" თბილისთანაც ვიგებდით, მაგრამ ბოლო 30 წუთი ჩავაგდეთ და წავაგეთ.
- ფიქრობ, რომ ეს დროებითია?
- დიახ. "ზესტაფონი" აუცილებლად დაიწყებს მოგებებს. სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა გუნდმა, ამხანაგური მატჩები ჩაატარა. გიორგი ხიდეშელი და გიორგი ილურიძე მოვიდნენ, ისინი კი საკმაო ძალას წარმოადგენენ. ვფიქრობ, ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი ჩვენ გვაქვს.
- კონტიგენტიდან გამომდინარე ამბობ?
- თუნდაც. კარგი მწვრთნელი გვყავს, ფეხბურთელთა კონტიგენტიც კარგია და ის მოუმზადებლობა, რამაც წინა ტურებში იჩინა თავი, აღარ დაგვეტყობა.
- ეროვნული ნაკრების კანდიდატებშიც იყავი, თემურ ქეცბაიამ ცხინვალის "სპარტაკთან" და ბოლნისის "სიონთან" გათამაშა, გოლიც გაიტანე. რა მოგცა ამ შეკრებამ?
- უპირველესად, სტიმული. როცა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გიძახებენ, ესე იგი, კანდიდატებს შორის ხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღებას გაქცევენ და არ უნდა მოდუნდე. შეიძლება ერთი შანსი მოგეცეს და უნდა გამოიყენო.
გამოყენებულია ფოტო საიტიდან www.sportall.ge
|