05.09.2014
ოცდაერთწლამდელთა გამარჯვება ჰოლანდიაში
საქართველოს ოცდაერთწლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 4 სექტემბერს ჰოლანდიაში მასპინძელთა გუნდის ძლევით დაასრულა. სასიამოვნოა, რომ ნიდერლანდელთა დამარცხების საქმეში, თანაგუნდელებთან ერთად, თავის წვლილი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” წარმომადგენლებმაც შეიტანეს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისათვის თავის გუნდში 3 "ზესტაფონელი" - გიორგი ფანცულაია, ავთო ენდელაძე და თედორე გრიგალაშვილი ჰყავდა გამოძახებული.
უნდა ითქვას, რომ თედორე გრიგალაშვილმა ჰოლანდიელთა წინააღმდეგ შეუცვლელად იათამაშა, გოლის გატანასთან ახლოს იყო (მეორე ტაიმის დებიუტში მან ბურთი მასპინძელთა კარის ძელს გაარტყა) და ყვითელი ბარათიც მიიღო. რაც შეეხება ავთო ენდელაძეს, ის მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა, ხოლო გიორგი ფანცულაია სათადარიგოთა შორის გახლდათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მატჩით საქართველოს ოცდაერთწლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. ჰოლანდიელთა ძლევის შემდეგ ჩვენმა გუნდმა სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე გადაინაცვლა.
გამოყენებულია ფოტო საიტიდან www.sportall.ge |