2014 წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე იმერლები უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს, საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” დაუპირისპირდნენ.
მარტვილელებთან ოთხი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებმა რამდენიმე ფეხბურთელი დღევანდელ შეხვედრაშიც მოისაკლისეს. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ფანცულაია, ავთო ენდელაძე და თედორე გრიგალაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჰოლანდიაში გასამართი მატჩისათვის თავის გუნდში ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხება კახა მეშველიანს, ის ტრავმის შემდეგ ჯერაც მკურნალობს.
შეხვედრა საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა - მართალია, უპირატესობას ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ცუდად არც ზუგდიდელები გამოიყურებოდნენ. ანგარიში კი 28-ე წუთზე გაიხსნა - იმერული კლუბის რიგებში გატანილი სადებიუტო გოლით თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა.
უნდა ითქვას, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ეს გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი გამოდგა. არადა, ორივე გუნდმა მეტოქეთა კართან მრავალი საგოლე მომენტი შექმნა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ზესტაფონელებზე ითქმის - მიხეილ სარდალიშვილის, ჯაბა დვალის, ვახტანგ ჭანტურიშვილის, თორნიკე კაპანაძის, დემურ კანდელაკისა და ბექა მიქელთაძის დარტყმების შემდეგ ზუგდიდელები ხან მათივე კარის დარაჯმა გადაარჩინა, ხანაც იღბალმა...
ორჯერ მასპინძელთა დარტყმულმა სტუმართა კარის კარკასი შეაზანზარა - პირველ ტაიმში გიორგი ჭანკოტაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ხარიხას მოხვდა, მეორეში კი ძელს ბექა მიქელთაძემ გაარტყა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ერთხელ ზესტაფონელთა კარის ჩარჩოს სიმშვიდე სტუმრებმაც დაარღვიეს. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი დასრულდა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით ანგარიშით 1-0.
5 სექტემბერს "ზესტაფონი" მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ამჯერად მარგველებს ბათუმის საფეხბურთო კლუბი "დინამო" ეწვევა.