2014 წლის 29 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” სპარინგ-მატჩი გამართა - ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებმა რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისეს. როგორც მოგეხსენებათ, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლევან შარიქაძე და თედორე გრიგალაშვილი საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელ თემურ ქეცბაიას სპეციალურ სანაკრებო შეკრებაზე ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხებათ ბოიან პავლოვიჩს, რენე ფერეირასა და კახა მეშველიანს, ამ ფეხბურთელებს "მერანის" წინააღმდეგ თამაშის გასვლის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიეცათ.
შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, გაგოშიძე, ენდელაძე, გვალია, ჭანკოტაძე (ვაჭარაძე, 72), ფანცულაია (კანდელაკი, 72), ილურიძე (სამუშია, 46), კაპანაძე (მიქელთაძე, 72), დვალი (სარდალიშვილი, 46).
თავის მხრივ, მარტვილელთა დამრიგებელმა ვლადიმირ ლობასმა თავის გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: მამალაძე (ხაინდრავა, 75), მელიავა, ლომაშვილი (შანგუა, 78), ორბელაძე (წურწუმია, 46), კიკნაველიძე (გეგია, 75), წყაროზია (ჯღამაია, 46), გეგეჭკორი, ბოლქვაძე (ციკოლია, 71), ხარჩილაძე (წულაია, 59), ციცხვაია (ფაილოძე, 70), ჩიმაკაძე (ფონიავა, 46).
შეხვედრა "მერანის" სწრაფი გოლით დაიწყო - უკვე 3-ე წუთზე მარტვილელები ლევან გეგეჭკორმა დააწინაურა. ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელებმა სტუმართა კართან შტურმი მოაწყვეს და ამან შედეგი მალევე გამოიღო - 60-ე წუთზე, ლაშა ჯღამაიას ავტოგოლის შემდეგ, ანგარიში თანაბარი გახდა.
მასპინძლები ამის შემდეგაც ბევრს უტევდნენ და მატჩის მიწურულს იხეირეს კიდეც - 79-ე და 89-ე წუთებზე გატანილი გოლებით გურამ სამუშიამ დუბლი
შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3-1.
2 სექტემბერს "ზესტაფონი" კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ამჯერად იმერეთს საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ეწვევა.