Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.08.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან

 

გეზი იცვლება, მიზანი არა!

 

 

 

 

 

 

მიხეილ ხუციშვილი
 

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ”ზესტაფონში” სლოვაკურ ”სპარტაკთან” განცდილი ევრომარცხის შემდეგ ბევრი რამ რომ შეიცვალა, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის.

 

რა მოხდა რეალურად იმერულ კლუბში, რა მიზნები და სატრანსფერო პოლიტიკა ექნება მას, რატომ შეცვალა გუნდმა გეზი? ამაზე კლუბის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი გვესაუბრება.

 

- საინტერესოა, მაინც რა მოხდა ევროპალიგაზე ”სპარტაკთან” მარცხის შემდეგ?

- მას შემდეგ, რაც ”ზესტაფონი” დაარსდა, ანუ სრული ათი წელია, მას ერთი კაცი - ილია კოკაია აფინანსებს. გუნდი საქართველოსა და მთელს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა, ბრენდად ჩამოყალიბდა. ამაზე მეტყველებენ წლების განმავლობაში ჩვენი კლუბის მიერ მოგებული ტიტულები.

 

საუბედუროდ, არ მოიძებნა ისეთი სპონსორი, რომელიც კოკაიას გვერდით დაუდგებოდა. მას დღესაც მარტო უწევს გუნდის დაფინანსება. მაშინ, როდესაც ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, რისკიც იზრდება. იმ ადამიანს შეიძლება რაღაც პრობლემა შეექმნას, მათ შორის, ფინანსური. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. აგერ, უკრაინაში ომი მძვინვარებს...

 

მოკლედ, რომ ვთქვათ, კლუბში შეიქმნა გარკვეული ხასიათის ფინანსური პრობლემები... ჩვენ აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე. ის თანხა, რომელიც გაგვაჩნია, ან უნდა დაგვეხარჯა ფეხბურთელთა ანაზღაურებაზე, ან დაგვესრულებინა ინფრასტრუქტურული პროექტები. არჩევანი გაკეთდა მეორის სასარგებლოდ. თან, ზესტაფონში ინფრასტრუქტურის შენახვისა და ჩვენი ბაზის დასრულების საქმეში აქტიური მხარდაჭერა აღგვითქვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.

 

- გვითხარით უფრო კონკრეტულად ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ...

- პირველად თქვენთან ვამბობ. პირველ რიგში, უნდა დასრულდეს ბაზის მშენებლობა ზესტაფონში. ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ეს დიდი საქმე იქნება მთელი რეგიონისათვის. საფეხბურთო კუთხით იქ ყველაფერი გაკეთებულია. დასამთავრებელია მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. როცა ყველაფერი მორჩება, ჩვენ შეგვეძლება, თავი მოვუყაროთ როგორც ზესტაფონის, ისე მთელი დასავლეთ საქართველოს ნიჭიერ ბიჭებს და შევუქმნათ მათ კარგი პირობები.

 

ასევე დასრულდება ბაზის მშენებლობა თბილისის ზღვაზე. აღმოსავლეთ საქართველოში გასამართი მატჩებისათვის გუნდი იქ მოემზადება. გვექნება საფეხბურთო აკადემია, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ნიჭიერი ბავშვები ისწავლიან და მერე ისინიც ”ზესტაფონში” ითამაშებენ.

 

რატომღაც არსებობს აზრი, რომ ზესტაფონში ფეხბურთელი არ იზრდება. მე საწინააღმდეგოში დავრწმუნდი - ორი დღის წინ, ჩვენი დუბლების ბიჭებმა, ხეირიანად რომ არც უვარჯიშიათ დუბლშემადგენლობაში და სულ ახლახანს დაწინაურდნენ მეორე გუნდში, დიდი ბრძოლა გაუმართეს თბილისის ”დინამოს” დუბლებს. სულ ბოლოს წააგეს ავტოგოლით. მათ კარგი პირობები სჭირდებათ.

 

- ინფრასტრუქტურული პროექტები კარგია, მაგრამ იმ ფეხბურთელებსაც უნდა გავუგოთ, სეზონის დასაწყისში უგუნდოდ რომ დარჩნენ. თქვენ თავად იყავით ფეხბურთელი და ყველაფერს მიხვდებოდით....

- ის კრება მე ჩავატარე. მომავალში რა იქნება, არ ვიცი და აქამდე ასეთი მძიმე დღე მე არ მქონია ცხოვრებაში. როგორი საქმეა, გაქვს კონტრაქტი, ერთი ან ორი წლის განმავლობაში გათვლილი გაქვს ცხოვრება...

 

სასიხარულოა, რომ ფეხბურთელები შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდნენ. კრება რომ მიდიოდა, ჩვენი კლუბის ოფისის კართან თავი ფეხბურთელების უფლებადამცველებმა მოიყარეს, თუმცა. არცერთი მოთამაშე არ წავიდა სასამართლოს გზით და ამისთვის მათ მადლობა ეკუთვნით! მათ დიდი შეგნება გამოავლინეს! ის კი შევძელით, რომ წასვლის წინ მათ ერთი თვის ხელფასები დავურიგეთ. ზოგი წავიდა, ზოგიც დარჩა...

 

- ”ზესტაფონმა” შეინარჩუნა გია გეგუჩაძე, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრეთნელი...

- გიას დარჩენა მართლაც დიდი ფუფუნებაა ჩვენი გუნდისათვის. მან გვითხრა, რომ იანვრამდე არ მიატოვებს გუნდს, მერე კი უნდა დავჯდეთ და დავილაპარაკოთ. იანვრამდე კიდევ დროა - იმედია, მაშინ ჩვენი ინტერვიუ სულ სხვა სიტუაციაში შედგება და გია გეგუჩაძეც დარჩება ”ზესტაფონში”.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ჯაბა დვალს! მისმა მენეჯერმა სოსო გრიშიკაშვილმა პირადად მაჩვენა რუსული პირველი ლიგის ”სახალინისაგან” გამოგზავნილი, გამზადებული კონტრაქტი. ჯაბას იმაზე მეტი ხელფასი ექნებოდა ”სახალინში”, ვიდრე მანამდე ჰქონდა ”ზესტაფონში”, თუმცა მან სიტყვას არ უღალატა. მან იცის, რომ დღეს ეს გუნდი მასზე დგას...

 

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლუბიდან ფეხბურთელების მიგრაცია დასრულებულია?

- კი, დარწმუნებული ვარ ამაში. თემურ ღონღაძის წასვლამ ძალიან დამწყვიტა გული. წასვლამდე ის ელაპარაკა გია გეგუჩაძეს და უთხრა, რომ ჰქონდა რაღაც ვარიანტი, თუმცა ”ჩიხურა” არ უხსენებია. დამირეკა საჩხერეში თამაშის შემდეგ და მითხრა, ”ჩიხურაში” მივდივარო. მართლა გამიკვირდა. ღონღაძეს ჰქონდა ახალი კონტრაქტით წასვლის უფლება, მაგრამ მაინც...

 

მას დიდ მადლობას ვუხდი. იყო გუნდის კაპიტანი, გულშემატკივრებს ძალიან უყვართ. ”ზესტაფონმა” ღონღაძისათვის და ღონღაძემ ”ზესტაფონისათვის” ძალიან ბევრი გააკეთეს.

 

- ამ ვითარებაში კონტექსტიდან ამოვარდნილივით ჩანდა გიორგი ილურიძის ტრანსფერი კვიპროსული ”ერმისიდან”...

- გიორგისთვის განსაკუთრებული არაფერი შეგვითავაზებია. ფეხბურთელმა თავად გამოთქვა ”ზესტაფონში” თამაშის სურვილი. მისი მოტივაცია იყო მწვრთნელი და ჩემპიონობის სურვილი. გიორგი გაეცნო კლუბის ინფრასტრუქტურას და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

 

- ფაქტია, გუნდს კიდევ სჭირდება ახალი ფეხბურთელები...

- გეთანხმებით. განსაკუთრებით დაცვის ხაზში გვინდა გაძლიერება. ”დინამოსთან” შეხვედრამ ეს ნათლად გვიჩვენა. თუ იქნებიან შესაბამისი დონის კანდიდატები, მათ დავიმატებთ. ერთი კია - ახლა ისეთი დროა, რომ ძლიერი ფეხბურთელის მოძიება პრობლემაა. სულზე მოგვისწრო სანაკრებო პაუზამ. ამ 20 დღეში ბევრი რამ უნდა დავალაგოთ.

 

- ფეხბურთელები მაინც არიან. თუნდაც, ”ზესტაფონის” ყოფილი მცველი გიორგი ფოფხაძე...

- ფოფხაძე მაღალი კლასის მცველია. მას სიამოვნებით ავიყვანდით გუნდში. პირადად მე მასთან არ მილაპარაკია, თუმცა ვიცი, რომ უცხოურ ვარიანტს ელოდება. ვიცი, რომ მისი გადაბირება სურს ”სამტრედიასაც.”

 

- წლების განმავლობაში თქვენ სერბეთში თამაშობდით და დღესაც ინარჩუნებთ იქაურ კავშირებს. ხომ არ არის მოსალოდნელი ახლო მომავალში გუნდში ამ ქვეყნიდან ლეგიონერების გამოჩენა?

- არ დავმალავ - ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიდის. გვინდა ნიჭიერი მოთამაშეები დავიმატოთ, თავის მხრივ, მათ თავი ევროასპარეზზე წარმოაჩინონ და მერე გაიყიდონ, კლუბმაც რომ იხეიროს... ვნახოთ, რა გამოვა. აქვე გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაიწყება ჩვენი და ტრნავას ”სპარტაკის” თანამშრომლობა.

 

- უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გულისხმობთ?

- ეს არ იქნება თანამშრომლობა თანამშრომლობისთვის. იგეგმება ფეხბურთელების გაცვლა, მწვრთნელების მივლინება, სხვა პროექტების განხორციელება. რამდენიმე დღეში სლოვაკეთიდან ჩამოვა დელეგაცია. მერე კი ჩვენ უნდა ჩავიდეთ იქ.

 

- თავის დროზე ”ზესტაფონმა” საფეხბურთო სკოლა ”ოლიმპიდან” არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გადმოიბირა - მურთაზ დაუშვილი, გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი... ხომ არ აპირებთ რომელიმე საფეხბურთო სკოლასთან თანამშრომლობას?

- ვაპირებთ. საფეხბურთო სკოლა ”საბურთალოში” ჩვენი მეგობრები მუშაობენ. უკვე გვქონდა წინასწარი საუბარი ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილთან. რამდენიმე დღეში ისევ შევხვდებით.

 

- გუნდის მიზანი რა არის მიმდინარე სეზონში?

- ევროზონაში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. ვფიქრობთ ჩემპიონობაზეც...

 

- ფეხბურთი და სახელმწიფო - როდის იგრძნობენ კლუბები დახმარების პირველ შედეგებს? მითუმეტეს, ”ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრია...

- როგორც მე ვიცი, იანვრამდე სახელმწიფო კლუბებს 250 ათასი ლარით დაეხმარება, ფედერაცია კი - 200 ათასი ლარით. საერთოდ, სახელმწიფოს ნების გარეშე ქართული ფეხბურთის პროგრესი წარმოუდგენლად მიმაჩნია.

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით...

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014