მიმდინარე წლის 23 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელები მოედანზე პირველად გაიყვანა ახალმა კაპიტანმა ჯაბა დვალმა, რომლისთვისაც დინამოელებთან დღევანდელი შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მაისურით ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართული 101-ე მატჩი გახლდათ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ იმერლებს ორი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - დღეიდან ამ საპატიო მისიას ლევან შარიქაძე და თედორე გრიგალაშვილი შეასრულებენ...
დინამოელებთან შეხვედრა მასპინძელთა სწრაფი გოლით დაიწყო - 5-ე წუთზე დინამოელი გიორგი გველესიანის შეცდომით კარგად ისარგებლა მიხეილ სარდალიშვილმა და თავის გუნდი მატჩის დებიუტშივე დააწინაურა. თუმცა, ზესტაფონელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა - პირველსავე საპასუხო შეტევაში ბოიან პავლოვიჩის კარი ზუსტი დარტყმით გიორგი პაპუნაშვილმა აიღო.
ზესტაფონელებს ტაიმის მოგება მაინც შეეძლოთ - თბილისელთა საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე მყოფი ჯაბა დვალის წაქცევის ეპიზოდში არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა, ხოლო გიორგი ჭანკოტაძის უძლიერესი შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ომარ მიგინეიშვილის კარის ხარიხამ უკუაგდო.
მეორე ნახევარი მასპინძელთ შეტევებითა და კიდევ ერთი სწრაფი გოლით დაიწყო - 51-ე წუთზე ჯაბა დვალმა დიდოსტატური გოლი გაიტანა. საჯარიმოს ფარგლებს გარედან მასპინძელთა კაპიტნის მოჭრილი დარტყმული ჯერ "დინამოს" კარის ზედა ძელს მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაკვეთა კარის ხაზი. ამ ეპიზოდში უნდა აღინიშნოს დამხმარე არბიტრის ალექსანდრე კრიჭაშვილის დროული რეაქცია, რომელმაც კარის აღების ფაქტი მთავარ არბიტრს ოპერატიულად აცნობა...
მატჩის დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა, რომლებმაც ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყეს, ინიციატივა სტუმრებს გადააბარეს და საბოლოოდ ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - 84-ე და 87-ე წუთებზე ირაკლი ძარიამ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა - 2-3.