2014 წლის 17 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საჩხერეს ხელოვნურსაფარიან მოედანზე ადგილობრივი ”ჩიხურას” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
"ჩიხურას" დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი უფრო აქტიურად სტუმრებმა ჩაატარეს და ამ აქტიურობამ ტაიმის მიწურულს შედეგიც მოიტანა - ანგარიში 44-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოს ხაზიდან მალხაზ გაგოშიძის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიხსნა.
მეორე ტაიმი "ჩიხურას" შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაშში ჩართვა უკვე ზესტაფონელთა გოლკიპერ დავით კუპატაძესაც მოუწია. თანდათანობით სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, შემდეგ კი უპირატესობას თავად დაეუფლნენ და ანგარიშში კიდევ უფრო დაწინაურების რამდენიმე შანსი გაატანეს ქარს... შედეგად, მომენტების განიავების გამო ზესტაფონელები 65-ე წუთზე დაისაჯნენ - საჩხერელი გუგუა იაკობაშვილის სოლო-რეიდი და დარტყმა უნაკლო გამოდგა...
ზესტაფონელი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ, აუტანელი სიცხის პირობებშიც კი, მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანა მაინც მოახერხეს და 67-ე წუთზე საჩხერელთა კარშიზესტაფონელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა - 2-1. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან ორი ტურის შემდეგ მარგველი დუბლიორები სატურნირო ცხრილის თავში მოექცნენ.