2014 წლის 16 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის 3 მატჩი. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ჩიხურამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა. მატჩი დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2-1...
XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ივანწმინდაში შედგა, სადაც საჩხერის “ჩიხურამ” საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” უმასპინძლა. ზემო იმერული გუნდების დაპირისპირებას ყოველთვის დიდი ინტერესი ახლავს. მიმდინარე შეხვედრას კი უარყოფით მხარედ ის ახლდა, რომ ფეხბურთელებს ხელს აუტანელი სიცხე უშლიდა, რომელიც ბუნებრივია სპორტსმენებთან ერთად დისკომფორტს სტადიონზე შეკრებილ ქომაგებსაც უქმნიდა.
ევროთასებზე ნათამაშევი გუნდების პაექრობა დაგეგმილზე ნახევარი საათით გვიან, თუმცა კი ეროვნული ჩემპიონატის დებულებით ზუსტ დროზე დაიწყო. მოგეხსენებათ, მატჩისადმი ინტერესი დიდი გახლდათ და შეხვედრას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა. როგორც ჩანს ტელევიზიისათვის მისაღები 17:00 საათი გახლდათ, მაგრამ გუნდების და ტელევიზიის წარმომადგენელთა შეთანხმებით, მატჩის დასაწყისმა ნახევარი საათით გადაიწია. მიზეზი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მაღალი ტემპერატურა იყო.
პირველ ტურში გუნდებმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს. ზესტაფონელებმა შინ გამანადგურებელი მარცხი აწვნიეს ლანჩხუთის “გურიას”, ხოლო საჩხერლებმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმეს ბოლნისის “სიონთან”. ორივე გუნდმა ევროპის ლიგაზე გამოსვლის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა შემადგენლობა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირობაზე ორივეს საკმაოდ სოლიდური შემადგენლობები გააჩნიათ.
ზემო იმერული დერბი წუთიერი დუმილით დაიწყო. შეხვედრის მონაწილეებმა და დამსწრეებმა პატივი მიაგეს “ჩიხურას” უსაფრთხოების მენეჯერის არტო ივანიშვილის ხსოვნას. მატჩი კი სიცხის მიუხედავად, საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდი მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის იბრძოდა. პირველი სახიფათო მომენტი კი მასპინძელთა კართან შეიქმნა მე-9 წუთზე. საჩხერლებმა მოედნის შუაგულში დაკარგეს ბურთი, რომელიც ჭანკოტაძემ მიიღო. ზესტაფონელთა ნახევარმცველმა დროული შეყოვნება გააკეთა და იდეალურ გადაცემა გაუკეთა ღონღაძეს. ფეროელთა კაპიტანი მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა. თემურმა მოწინააღმდეგის კიპერის დაწვენაც კი მოახერხა, მაგრამ ზუსტი დარტყმის შესრულება ვეღარ შეძლო და ბურთმა ხარიხას საკმაო მანძილით გადაუფრინა...
სადებიუტო დაძაბულობის შემდეგ თამაშში ტემპი არ დავარდნილა. მე-19 წუთზე კი “ჩიხურა” იღბალმა იხსნა. საჩხერელთა საჯარიმოში ჩინებულად გაისარჯა დვალი, რომელმაც ორი მეურვის გაცურება შეძლო და ვარდნაში დარტყმაც მოახერხა. ამ სიტუაციაში ქვილითაა უძლური გახლდათ, მაგრამ ბურთი მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა და იქედან ასხლეტილს კიპერი უპრობლემოდ დაეუფლა. ჯაბა დვალი100-ე შეხვედრას ატარებდა ეროვნულ ჩემპიონატში “ზესტაფონის” შემადგენლობაში. ბუნებრივია, გამოცდილ ფორვარდს სურდა საიუბილეო მატჩში გოლის გატანა და თავის გამოჩენა, მაგრამ ზესტაფონელთა სამწუხაროდ, დვალმა ამის გაკეთება ვერ შეძლო.
25-ე წუთზე თამაშში ჩართვამ “ზესტაფონის” სერბ კიპერს პავლოვიჩსაც მოუწია. მასპინძლებმა სტანდარტული ოდიკაძის მეშვეობით გაათამაშეს. სტუმართა საჯარიმოში თავით ითამაშა კუჭუხიძემ, რომელმაც კეფის ნაწილით მოახერხა ბურთის კარში გაგზავნა. დარტყმული მართლაც უსიამოვნო ოყო მეკარისათვის, მაგრამ ბალკანელს სწორი პოზიცია ეჭირა და სახიფათო სიტუაციაც განიმუხტა. საჩხერელთა სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ტრამვა მიიღო ლაშა კუჭუხიძემ და “ჩიხურას” თავკაცი სოსო ფრუიძე იძულებული გახდა შეცვლა გაეკეთებინა. გამოცდილმა სპეციალისტმა დაშავებული ფორვარდის ნაცვლად მოედანზე მუმლაძე შეიყვანა.
36-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა. საჩერელთა შეტევა ზესტაფონელმა მცველებმა მოიგერიეს და ბურთი გიორგი ჭანკოტაძეს მიუვიდა, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან, ბურთიანად გადასერა მოედნის მეორე ნაწილი, გზად მან საჩხერელთა ცენტრალური მცველების გაცურებაც მოახერხა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა, რომელსაც ფეხდაფეხ მეურვეც მოსდევდა, საჯარიმოს შიგნიდან დაურტყა ქვილითაიას, რომელმაც ნახტომი კი მოასწრო, მაგრამ საკუთარი გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო – 0:1.
ანგარიშში ჩამორჩენამ საჩხერელები გაააქტიურა, თუმცა სათამაშო ინიცატივის დათმობას არც ზესტაფონელები აპირებდნენ. “ჩიხურას” ფეხბურთელებმა ორჯერ საჯარიმოს გარედან ცადეს გატანა. პირველ შემთხვევაში კორიფაძემ დაარტყა ძლიერად, თუმც არაზუსტად, მეორედ კი ჯიღაურმა “დააქუხა” დაახლოებით 25 მეტრიდან, მაგრამ მას გატანის საშუალება პავლოვიჩმა არ მისცა. სერბმა კარის დარაჯმა ბურთი მუშტებით დამაჯერებლად მოიგერია. ტაიმი კი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 0:1.
მეორე ნახევარში საგრძნობლად აგრილდა და ფეხბურთელებსაც უკეთეს გარემოში მოუწიათ ასპარეზობა, რაც სათამაშო ტემპზეც აისახა და საგოლე მომენტებმაც იმატა. თამაშის განახლებისთანავე მასპინძლებს ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ კუთხურის გათამაშების შემდეგ. კორიფაძის ჩაწოდების შემდეგ მუმლაძე გზავნიდა ნახტომში ფეხით ბურთს მეტოქის კარსკენ, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. ცოტა ხანში კორიფაძეს შეეძლო თავით თამაში და ხიფათს შექმნა, მაგრამ გი ბურთს აცდა და სიტუაციაც უვნებლად განიმუხტა.
საჩხერელთა აქტიურობას ზესტაფონელთა კონტრშეტევა მოჰყვა, რომლის დაგვირგვინებას ჯაბა დვალი ცდილობდა, რომლის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული მეტისმეტად არაზუსტი გამოდგა. 54-ე წუთზე ოდიკაძე ურტყამდა ზესტაფონელთა საჯარიმოს შიგნიდან ძლიერად და ამჯერადაც პავლოვიჩი იყო დამაჯერებელი, რომელმაც მუშტებით ბურთი კუთხურზე გადააგდო. სულ მალე სარდალიშვილი იყო ხელსაყრელ მდგომარეობაში, მაგრამ მისი დარტყმული ქვილითაიამ უპრობლემოდ აიღო.
63-ე წუთზე მოწინააღმდეგის კართან ხიფათი ზესტაფონელებმა შექმნეს. საჩხერელთა საჯარიმოს მისადგომებთან ჩინებულად გაისარჯა ჭანტურიშვილი, რომელმაც მეურვე მოხდენილად ჩამოიცლა და ძლიერად დაარტყა. ბურთი ქვილითაიამ ცალი ხელით მოიგერია, დამატებას კი დვალი ცდილობდა, რომელმაც საჩხერელთა კარის ძელს გვერდიდან მოარტყა.
67-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება სტანდარტულიდან მოახერხეს. “ჩიუხურას” კაპიტნის, ოდიკაძის მიერ ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ მაღალ ბურთზე ყველას ჯაბა ჯიღაურმა აჯობა, რომლის მიერ განხორციელებული თავური დარტყმა ერთ-ერთ ფეროელ მცველს შეეხო, მიმართულების ტრაექტორია შეიცვალა და “ზესტაფონის” კარის ბადეში გაეხვია – 1:1. პავლოვიჩის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა...
მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებამ ვერ დააოკა. ისინი განაგრძობდნენ მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანას. 70-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან კორიფაძემ გაუკეთა კარგი გადაცემა მუმლაძეს, მაგრამ საჩხერელთა ფორვარდმა ზუსტი დარტყმა ვერ შეძლო. 76-ე წუთზე დეკანოიძემ მოედნის სიღრმიდან შორეული გადაცემა გაუკეთა მუმლაძეს, რომელმაც ერთი შეხებით შეძლო მეურვის ჩამოშორება. ამას გარდა თორნიკემ მასთან შესახვედრად წინ გამოსულ პავლოვიჩს ოსტატურად გადაუგდო თავზე, რომელზეც დაწევას რენე ფერეირა ცდილობდა, მაგრამ ბრაზილიელმა ვერ შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა და “ჩიხურა” დაწინაურდა - 2:1.
სტუმართა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თამაშში დვალის და სარდალიშვილის ნაცვლად კაპანაძე და მიქელთაძე ჩართო. სწორედ შეცვლაზე შემოსულ კაპანაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება 84-ე წუთზე, როდესაც მასპინძელთა მცველები პასის გადაცემისას შეცდნენ. “ელვამ” ბურთიანად შეძლო მეურვეების ჩამოშორება და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეღწევა, მაგრამ საბოლო დარტყმა მას ძლიერი აღარ გამოუვიდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორი პოზიცია ჰქონდათ შერჩეული მაქსიმე ქვილითაიას.
მატჩის ეპილოგში სტუმრები შტურმის მოწყობას შეეცადნენ მოწინააღმდეგის კართან, მაგრამ საჩხერელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს თამაშის მეტოქის მოედანზე გადატანა და დასკვნით წუთებში მათ კართან რაიმე ხიფათი აღარ შექმნილა. “ჩიხურამ” მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, რომელიც ევროთასებიდან გამოვარდნილ გუნდს ფსიქოლოგიურად ძალიან წაადგება.
რაც შეეხება “ზესტაფონს”, ფეროელები პაექრობაში მინიმუმ ფრეს მაინც იმსახურებდნენ, მაგრამ გამოუყენებელმა მომენტებმა და შესაბამისად მეტოქის მიერ ამ კომპონენტში სიყოჩაღემ ისინი დამარცხებამდე მიიყვანა. საერთო ჯამში კი, ივანწმნდაში მოსულმა ქომაგებმა, ჩვენი ჩემპიონატის პირობაზე ძალზე თვალსასეირო და დაძაბული პაექრობა იხილეს.
საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, რიგით მესამე ტურის მატჩს ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლებენ.