გასულ უქმეებზე სტარტი აიღო საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების ტურნირმა. ქართულმა სპორტულმა გამოცემებმა, ტრადიციისამებრ, ტურის სიმბოლური გუნდები დაასახელეს. სასიამოვნოა, რომ პირველი ტურის საუკეთესოთა შორის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელებიც ფიგურირებენ.
სულ რამდენიმე დღის წინ "ასპარეზზე" გამოჩენილმა სპორტულმა გაზეთმა "ჩვენმა თამაშმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 3 ზესტაფონელი დაასახელა - ამ გაზეთის ვერსიით საუკეთესოთა შორის ადგილი წილად ხვდათ: მარგველთა მცველსა და ამავდროულად გუნდის კაპიტან თეიმურაზ ღონღაძეს, ნახევარმცველ ლაშა გვალიას და თავდამსხმელ ჯაბა დვალს.
ტრადიციულად, ყოველი ტურის შემდეგ, სიმბოლურ ნაკრებს აქვეყნებს ყოველდღიური სპორტული გამოცემა "ლელოც". საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა თერთმეტეულში "ლელომ" ზესტაფონელი ჯაბა დვალი შეიყვანა.