Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.08.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი
 

გაზეთმა "ჩვენმა თამაშმა" ჯაბა დვალი "ზესტაფონი" -"გურიას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მარგველთა თავდამსხმელს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მიუჩინა ადგილი...

 

- ფეროელთა 29 წლის ფორვარდმა ლანჩხუთელებთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასის ავტორადაც მოგვევლინა – საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ დვალი ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გამხდარიყო.


"გურიასთან" გამარჯვებას იგი ასე აფასებს: "ფაქტია, მეტოქე მოუმზადებელი იყო და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია, მაგრამ 6:0-ის მოგება იოლი არავისთანაა. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონატი ასეთი ეფექტური გამარჯვებით დავიწყეთ, მე კი "ზესტაფონის" გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ევროსარბიელზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ასეთი გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰაერივით გვჭირდებოდა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და ზესტაფონელ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მრავლად მოვიდნენ და მხარი ერთგულად დაგვიჭირეს".


უმაღლესი ლიგის მომავალ ტურებში იმერულ კლუბს რთული კალენდარი აქვს - მომდევნო მეტოქეები "ჩიხურა" და თბილისის "დინამო" იქნებიან. დვალი მათთან დაპირისპირების წინ იმედიანადაა განწყობილი: "კარგად გვესმის, რომ იოლი გასეირნება არავისთან გველის, "ჩიხურასა" და "დინამოს" წინააღმდეგ კი ძალიან მძიმე თამაში მოგვიწევს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, ოპტიმიზმით ვართ აღსავსე. დარწმუნებული ვარ, "ზესტაფონი" ტურიდან ტურამდე მოუმატებს და საკუთარ ძალას ყველა მეტოქესთან ბრძოლაში გამოაჩენს".


"ზესტაფონის" შემადგენლობის გაახალგაზრდავება კი, გეხსომებათ, სულ ახლახან, ევროპის ლიგაზე სლოვაკურ "სპარტაკთან" განცდილ მარცხს მოჰყვა.
"ევროპის ლიგაზე რაც შეგვემთხვა, ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, შემადგენლობაც ძლიერი გვყავდა და იმედიანად ვიყავით განწყობილი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. როგორც ჩანს, შესათამაშებლად დრო არ გვეყო. ამის შემდეგ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა და დღეს, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. რთული პროცესია, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და მალე, როცა უმაღლეს ლიგას გაუშინაურდებიან, თავის სიტყვასაც იტყვიან. მე კი, როგორც შედარებით გამოცდილი ფეხბურთელი, მათ დიდი სიამოვნებით დავუდგები გვერდში და რჩევებით დავეხმარები", - ამბობს დვალი.


ჯაბა ზესტაფონიდან ორი წლის წინ წავიდა და გუნდს სეზონის წინ დაუბრუნდა. თბილისის "დინამოში" მან წელიწადნახევარი, აზერბაიჯანულ "ყარაბახში" კი ნახევარი სეზონი გაატარა: "ვერ ვიტყვი, რომ "დინამოში" წარუმატებელი პერიოდი გავატარე. პირველ სეზონში საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გავხდი, გავიტანე 20 გოლი – დამეთანხმებით, კარგი შედეგია. ევროთასებზეც მეტი შეგვეძლო – "სტიაუას" ბარიერის გადალახვის შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. წინა სეზონი კი, სამწუხაროდ, თითქმის მთლიანად გამიცდა. მიზეზთა გამო, ჯერ "დინამოს" დუბლებში აღმოვჩნდი, შემდეგ კი "ყარაბახში", სადაც თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ მოუციათ – ძირითადში მხოლოდ ერთხელ მათამაშეს. ამდენი უსიამოვნების შემდეგ თავს უკვე კარგად ვგრძნობ. "ზესტაფონისთვის" საჭირო ფეხბურთელი ვარ და ეს ძალიან მახარებს".


რაც შეეხება "ზესტაფონის" მიზანს: "ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი კონკურენტების შესაძლებლობებს რომ გადავხედოთ, უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სრულიად შესაძლებელია. არც იმის თქმის შემეშინდება, რომ ჩემპიონობის პრეტენდენტები ვართ".


დვალი აღიარებს, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვერ არის, თუმცა დარწმუნებულია, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა საშუალებას მისცემს, უახლოეს ტურებშივე შეძლოს უფრო მაღალ დონეზე ათამაშება.
ზესტაფონთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს, რის შემდეგაც, თუ საინტერესო უცხოური წინადადება მიიღო, კლუბს შეიცვლის, თუ არა და, დარჩება. სხვა ქართულ კლუბში თამაშის სურვილი აღარ აქვს.

 

ლევან ჯანეზაშვილი, სპორტული გაზეთი "ჩვენი თამაში "

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014