10.08.2014
დუბლიორთა ტურნირის მაჟორული სტარტი
2014 წლის 10 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირმა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ლანჩხუთის ”გურიის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, რობაქიძე, ხიზანეიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, მოსიძე, გაგოშიძე, ვაჭარაძე (ბუბულაშვილი, 86), ჩუბინიძე, სამუშია (გოცაძე, 73), კანდელაკი, მიქელთაძე.
ზემოიმერელთა პირველი გუნდის მსგავსად, ახალი სეზონი დუბლიორებმაც წარმატებით დაიწყეს. "ზესტაფონისა" და ლანჩხუთის "გურიის" პირველი გუნდების გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ, დღეს საქმეში ამავე კლუბების მეორე გუნდები ჩაერთვნენ და იმერლებმა აქაც დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეტოქის კარის დალაშქვრა მხოლოდ ერთხელ მოხერხდა - 30-ე წუთზე ბექა მიქელთაძე ლანჩხუთელ მცველებს გაექცა და აუღებელი დარტყმით სტუმართა გოლკიპერს საკუთარი კარის გადარჩენის მცირე შანსიც არ დაუტოვა...
მეორე ტაიმის დებიუტში (50-ე წუთი) დემურ კანდელაკმა ანგარიში ორამდე გაზარდა - მასპინძელთა შემტევი კარგად გაერკვა "გურიის" საჯარიმოს მიდამოებში შექმნილ ვითარებაში და საკუთარი კარიდან შორს გამოსულ სტუმართა გოლკიპერს გამოზომილი დარტყმით გაუტანა...
მასპინძლები ამის შემდეგაც ბევრს უტევდნენ, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ მატჩის ბოლოს მოახერხეს. 90-ე წუთზე დემურ კანდელაკმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "დუბლის" გაფორმებასთან ერთად, თავის გუნდს ახლადგახსნილ სეზონში დიდი ანგარიშით პირველი გამარჯვება მოაპოვებინა 3-0.
|