Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.08.2014

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" სეზონი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა გამართა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ ”გურიას” უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

 

მორიგი ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრის დაწყებამდე გუნდების კაპიტნებმა თეიმურაზ ღონღაძემ და გიგა კვერენჩხილაძემ, ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს...

 

ზესტაფონელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. შეხვედრის 7-ე წუთზე სტუმრებმა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნისას უხეში შეცდომა დაუშვეს და ლაშა გვალიას გადაცემის შემდეგ ლანჩხუთელთა გოლკიპერ რობერტ იმერლიშვილის პირისპირ ერთბაშად 3 იმერელი აღმოჩნდა - ჯაბა დვალმა ყველაფერი ცივსისხლიანად გააკეთა...

 

24-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - თორნიკე კაპანაძის დროული გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა თეიმურაზ ღონღაძემ ბურთი სტუმართა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს მიიღო, გასცდა ერთ ოპონენტს და ძლიერად დაარტყა. ლანჩხუთელთა გოლკიპერი ბურთს თითქოს უნდა დაუფლებოდა, თუმცა ახალგაზრდა მეკარემ შეცდომა დაუშვა და ანგარიში 2-0 გახდა.

 

"დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა პუბლიკამ მარგველთა მესამე გოლი 27-ე წუთზე იხილა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მიხეილ სარდალიშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ, პირველი ბურთთან გიორგი ფანცულაია აღმოჩნდა და სტუმართა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია...

 

პირველთან შედარებით, შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისი უფრო მშვიდი გამოდგა. თამაშის მსვლელობას ისევ მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა "გურიას" კართან სახიფათო მომენტები ისე ხშირად აღარ იქმნებოდა. სამაგიეროდ, მატჩის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელები ისევ "აფეთქდნენ" და ანგარიშში სხვაობა ძალიან დიდამდეც გაზარდეს.

 

73-ე წუთზე, გიორგი ჭანკოტაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, დუბლი შეასრულა ჯაბა დვალმა. საინტერესოა, რომ ჯაბასთვის ეს ზესტაფონელთა მაისურით ასპარეზობისას ეროვნული პირველობის შეხვედრებში გატანილი 47-ე გოლი გახლავთ და ამ მაჩვენებლით ის მიუახლოვდა ლეგენდარული ზურაბ იონანიძის მიღწევას (48 გოლი). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში გატანილი ბურთების რაოდენობით იმერელთა რიგებში სარეკორდო მაჩვენებელი (63 გოლი) ნიკოლოზ გელაშვილს ეკუთვნის...

 

76-ე წუთზე თედორე გრიგალაშვილის გოლის ჯერიც დადგა - მან გიორგი ჭანკოტაძის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი რობერტ იმერლიშვილის კარის ბადეში თავით ლამაზად გადაგზავნა. საბოლოოდ, ლანჩხუთელთა რბევა ლაშა გვალიას მიერ ჩვენი გუნდის რიგებში გატანილი სადებიუტო გოლით დასრულდა - 81-ე წუთზე მან ჯაბა დვალის კარგი გადაცემა შეირგო და ძლიერი დარტყმით მეექვსე გოლი გაიტანა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 6-0.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

თემურ ლორია (“გურია”) – “უპირველესად მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას და ჩინებულ სტარტს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი გვიან შეიკრიბა, გვაქვს გარკვეულწილად დაკომპლექტების პრობლემა. ჩვენი მიზანია უმაღლეს ლიგაში ადგილის დამკვიდრება. ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება. ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას. ვეცდებით, “გურიას” ქომაგებს იმედები არ გავუწბილოთ”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”) – “ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას ყველას ვულოცავ. სასიამოვნოა, ჩემპიონატს გამარჯვებით რომ დაიწყებ. ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ ავსტრიაში ევროპის ლიგის წინ. მერე იცით რაც მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გუნდმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს”.

 

 

09.08.2012. ”ზესტაფონი” - ”გურია” (ლანჩხუთი) 6-0

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014