08.08.2014
მარგველები ახალ სეზონს "გურიასთან" მატჩით დაიწყებენ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის ახალი სეზონის სტარტისთვის ემზადება. 2014 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და "გურია" ერთმანეთს სულ ოთხჯერ შეხვედრიან - ოთხივეჯერ გამარჯვება იმერლებს დარჩათ, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ბურთი არც ერთხელ არ მიუღიათ, თავად კი გურულთა კარის ბადე 8-ჯერ შეარხიეს...
ზემოთ ნახსენები ოთხიდან პირველი დაპირისპირება გასული წლის 29 სექტემბერს "დავით აბაშიძეზე" გაიმართა. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა - ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
გურულთა და მარგველთა მორიგი დაპირისპირება 2013 წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით ზესტაფონელებმა ისევ 1-0 გაიმარჯვეს.
ლანჩხუთელთა და ზესტაფონელთა რიგით მესამე მატჩი მიმდინარე წლის 5 აპრილს შედგა. იმის მიუხედავად, რომ მატჩი ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს - სტუმართა კარის ბადეში ბურთი ლევან შარიქაძემ გადაგზავნა.
ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 7 მაისს ლანჩხუთში გაიმართა და სტუმართა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა - 5-0. გატანილი გოლებით გამარჯვებულთა რიგებში თავი რევაზ გეწაძემ (3-ჯერ), ნიკა საბანაძემ და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს.
რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.
სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი - ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები - ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე, ლაშა ჩალაძე, დავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.
"ზესტაფონსა" და "გურიას" შორის 9 აგგვისტოს გასამართი მორიგი შეხვედრა, რომელსაც სირიელი არბიტრი აბდულა ბასლეჰლო განსჯის, 19:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.
|