28.07.2014
ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
|
|
"ზესტაფონი" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში უშანსოდ დამარცხდა ტრნავის "სპარტაკთან" (0:3) და ევროასპარეზზე წლევანდელი გამოსვლა უსახელოდ დაასრულა.
როგორ აფასებს სლოვაკურ წარუმატებლობას გუნდის მწვრთნელი და დარჩება თუ არა პოსტზე?
"ლელოს" კითხვებზე გია გეგუჩაძე პასუხობს.
- რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია ჩვენი მარცხი სლოვაკეთში. მით უმეტეს, დიდი მოლოდინი იყო გულშემატკივრებში, მეტადრე მას მერე, რაც რამდენიმე მოთამაშით გავძლიერდით.
- რა თქმა უნდა, თქვენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას არ გაექცევით, მაგრამ გუნდს საერთოდ რომ არ ჰყავდეს მწვრთნელი, ის არ უნდა იყოს ასეთი დემორალიზებული, შიშით არ უნდა თამაშობდეს, არ უნდა ერიდებოდეს ორთაბრძოლებს...
- ფეხბურთელები ახლა ისვენებენ. მათთან ასე კონკრეტულად არ მისაუბრია ამ თემაზე, თუმცა ვიცი, რომ ყველაზე მეტად სწორედ ისინი განიცდიან მარცხს. შეფასებაში კი გეთანხმებით - "ზესტაფონი" გუნდს არ ჰგავდა. რატომ მოხდა ეს, უკვე სხვა საკითხია.
- რჩებით "ზესტაფონში"?
- ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ყველაფერს უახლოესი დღეები გვიჩვენებს. მაქვს არგუმენტი, თუ რატომ უნდა გავაგრძელო მუშაობა "ზესტაფონში".
ძალიან ცოტა დრო იყო ფეხბურთელების მოსამზადებლად. შემადგენლობა კარგია და მოკლე ხანში "ზესტაფონი" სულ სხვა გუნდი იქნება. უბრალოდ, ცოტა დროა საჭირო. მაშინ, ასე შევხედოთ საკითხს - წინა სეზონში ვინ წარმოიდგენდა, რომ ევროპალიგის საგზურს მოვიპოვებდით?!
წლევანდელი ევროსეზონი მაინც გამოცდილების დაგროვების საშუალება იყო ჩვენთვის. მომავალ ზაფხულს კი "ზესტაფონი" სხვა გუნდი იქნება.
- ითქვა, შესაძლოა "ზესტაფონი" რამდენიმე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შეელიოსო...
- ცვლილებები იქნება, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტად ჯერ ვერ გიპასუხებთ.
|