2014 წლის 23 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი და ქართული დელეგაცია ჩარტერული რეისით სლოვაკეთში გაემგზავრა. დილის 11:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათსა და 30 წუთში ქართული გუნდი ბრატისლავას აეროპორტში ჩაფრინდა.
ბრატისლავას აეროპორტიდან ავტობუსით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ იმერლები ზლატე მორავცეში ჩავიდნენ და ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმრო ”ტარტუფში” დაბინავდნენ. ზესტაფონელთა დისლოკაციის ადგილი მატჩის მასპინძელი სტადიონიდან 15 წუთის სავალზეა.
სასტუმროში დასვენების შემდეგ, ზესტაფონელები გაემგზავრებიან ადგილობრივ სტადიონ ”ვიონზე”, სადაც ხვალ ”სპარტაკთან” უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. დღეს, ადგილობრივი დროით 19:30-დან 20:30 საათამდე (თბილისის დროით 21:30-დან 22:30 საათამდე) ქართველები მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. ვარჯიშის დაწყებამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.