22.07.2014
ინტერვიუ ილია კოკაიასთან
|
|
სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ შეკრებილ საზოგადოებას კლუბების ლიცენზირების გამკაცრება შესთავაზა.
ყრილობის შემდეგ ბატონ კოკაიას ვთხოვეთ განმარტებები ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე...
- როგორც შევიტყვეთ, ყრილობაზე მოითხოვეთ, რომ ფედერაციამ ლიცენზირება ყველა კლუბს ერთნაირად მოსთხოვოს...
- ჯერ ერთი, ლიცენზირების პრინციპები დაირღვა, რადგან ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ეროვნული ლიცენზია ზოგს ექნება, ზოგს - არა. მე ასე დავსვი საკითხი - თუ ლიცენზირებაზე უარს ვამბობთ, ეს საჯაროდ ვაღიაროთ, ხოლო, თუ უეფას მოთხოვნებს ვითვალისწინებთ, მაშინ ეს მოთხოვნები შევასრულოთ.
ახლა რამდენიმე კლუბმა ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის უფლება არ აქვთ. მაგრამ ასე არ ხდება - როგორც ვთქვი, უმაღლეს ლიგაში იქნებიან ლიცენზირებული და ულიცენზიო კლუბებიც.
შეგნებულად გავეცანი ლიცენზირების კომიტეტის შარშანდელ გადაწყვეტილებებს. მაშინ მხოლოდ ერთ კლუბს არ ჰქონდა ლიცენზია, წლეულს კი ექვსს არ აქვს. ანუ რეგრესით მივდივართ და თუ ეს გვირჩევნია, საქართველოს ჩემპიონატში მალე ლიცენზია საჭირო აღარ იქნება, "ზესტაფონი", "დინამო" და სხვა კლუბები კი ამაზე ფულს აღარ დავხარჯავთ და მას სხვა რამეს მოვახმართ.
ამიტომ ვამბობ - ფედერაციამ ლიცენზირების ელემენტარული მოთხოვნები უნდა შეადგინოს და მერე მისი მკაცრად შესრულება მოითხოვოს.
- ამაზე დელეგატებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- ერთ-ერთი რეგიონული ფედერაციის წარმომადგენელმა ისიც თქვა - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ხელშეკრულება დავდოთ, რათა სტადიონებზე უსაფრთხოება უზრუნველყოს, რადგან კლუბებისთვის ეს დამატებითი ხარჯიაო. ეს რა მოთხოვნაა?
შსს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხალხს ისედაც აგზავნის, მაგრამ თუ გვსურს კლუბების სტრუქტურული გაძლიერება და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება, მაშინ მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უნდა ვაკმაყოფილებდეთ. სხვაგვარად, მოყვარულთა ჩემპიონატს ჩავატარებთ.
- "ზესტაფონი" ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებულ სპორტულ არბიტრაჟს არ აღიარებს. ეს საკითხი თუ განიხილეთ?
- "ზესტაფონი" აღიარებს თუ არა, განჩინება არსებობს. ამ საკითხზე ფიფა-უეფასაც მოვეთათბირეთ და აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს ფედერაციასთანაც, რადგან იყო პრობლემები... მსურს, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები გარკვეულ საკითხებში დავარწმუნო, მაგრამ ჯიუტის პოზიციაში დგომას არ ვაპირებთ.
- ფედერაციის ბიუჯეტი დამტკიცდა?
- დიახ, დამტკიცდა, რომ ფედერაციის ბიუჯეტი წელიწადში 16 მილიონი ლარი იქნება. შემოსავლები და ხარჯვითი ნაწილი გაწერილი და გამჭვირვალეა. მაგრამ სახელმწიფო კომისიაში უნდა დადგეს თბილისში უძრავი ქონების გადასახადის შემცირების საკითხი. თუ ეს დედაქალაქში განხორციელდა, ეს გადამდები იქნება და ხვალ იგივე მოხდება ზესტაფონსა და სხვა ქალაქებშიც.
- როგორც შევიტყვეთ, ამის გამო ფედერაციას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გადასახადი 70 ათასი ლარიდან 700 ათასამდე გაიზარდა და, შესაბამისად, ამ არენის დაქირავების ფასიც ათმაგად გაიზარდა.
- სწორედ ამას ვამბობ. შესაძლოა, ეს გადასახადი სახელმწიფო კლუბებმა მერიასთან შეთანხმებით რამენაირად მოაგვარონ, მაგრამ კერძო კლუბებზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედებს. ვერავინ გაამტყუნებს სტადიონის მეპატრონეს, ასე ძვირად რომ აქირავებს არენას, რადგან ხარჯები მისი გასასტუმრებელია. ეს და სხვა საკითხები უნდა დარეგულირდეს.
- ლიცენზირების გარდა, ყრილობაზე კიდევ რა საკითხი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- იურიდიულმა კომისიამ შემოიტანა საკითხი, რომ სფფ-ის წესდებაში შესულიყო ცვლილება სადისციპლინო და სააპელაციო კომიტეტების წევრების დანიშვნის წესში.
- და ამით რა შეიცვლება?
- ბევრი რამ. ძველი რედაქციით, სადისციპლინო და სააპელაციო კომიტეტების წევრებს აღმასკომი 4 წლით ნიშნავდა, ახლა კი მხოლოდ 2 წლით დაინიშნებიან. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა ერთწლიანი ვადა, მაგრამ ესეც მისასალმებელია. საკითხებს ჯერ ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი წყვეტს და მერე - არბიტრაჟი. როტაცია კი აუცილებელია, რადგან ზოგჯერ ძალიან არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებენ, ანდაც უცნაური ფრაზები ისმის.
- მაგალითად?
- მაგალითად, კომისიის ერთმა წევრმა ისიც კი თქვა - პენალტის დარტყმა ადამიანის უფლებების დარღვევააო.
- საინტერესოა... და წითელი ბარათი, ალბათ, რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციას უტოლდება...
- მეტიც, ჯიჰადს! აი, ამიტომაა საჭირო დღევანდელი კომისიის წევრების შეცვლა.
|