Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" მეტოქე ტრნავას "სპარტაკი" - თეთრი ანგელოზები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხუთშაბათს, 20 საათზე, ზესტაფონში, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდი სლოვაკურ "სპარტაკს" დაუხვდება.

მოდით, ახლოს გავიცნოთ "ზესტაფონის" მეტოქე...


შეუჩერებელი სპარტაკი
"სპარტაკი" მართლაც დიდებულ ფორმაშია. გუნდმა მოიგო აბსოლუტურად ყველა საკონტროლო მატჩი. შეგნებულად არ ვაგდებთ სათვალავში ჩეხურ "ტრშინეცთან" წაგებას, რადგან იმ შეხვედრაში "სპარტაკმა" მეორე შემადგენლობით ითამაშა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ტრნაველებმა საშინაო მატჩში შანსი არ დაუტოვეს "ზლატე მორავცეს" - 3:0. საინტერესოა, რომ "სპარტაკის" დამრიგებელი იურაი იარაბეკი ცოტა ხნის წინათ სწორედ "ზლატე მორავცეს" სათავეში იდგა.

ამ შეხვედრაში ტრნაველთაგან ანგარიში მე-5 წუთზე მიკოვიჩმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს ვლასკომ პენალტით მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა, საბოლოო ანგარიში კი იმავე ვლასკომ დააფიქსირა მატჩის დამთავრებამდე 58-ე წუთზე.

"სპარტაკმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: რუსოვი, ბორტელი, კასადო (63. რიჰნიაკი), ხოვანეცი (56. მიკინიჩი), ჩონკა, იანეჩკა, კუზმა, მიკოვიჩი (68. კასაი), შპალეკი, ტოტი, ვლასკო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იარაბეკმა კმაყოფილება ვერ დამალა თავისი გუნდის თამაშით. მან განსაკუთრებით გამოარჩია 17 წლის შპალეკის თამაში, ვინც სლოვაკური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

"სპარტაკის" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ესპანელმა ნახევარმცველმა ხოსე დავიდ კასადომ. "ალმერიას", "ბარსელონასა" და "სევილიას" საფეხბურთო აკადემიების კურსგამოვლილმა ჯერ უნგრეთში მოსინჯა ძალა, მერე - სლოვაკეთის დაბალ ლიგაში, ბოლოს კი "სპარტაკის" სელექციონერებმა მიაგნეს...

დიდი ტრადიციებით...
"ზესტაფონი" 10 წლისაა, მისი მეტოქე კი მარგველებზე 81 წლით უფროსია.

ტრადიციებს "სპარტაკს" ვერავინ დაუწუნებს. საკმარისია აღინიშნოს, რომ კლუბმა ხუთჯერ (1968, 1969, 1971, 1972, 1973) მოიგო ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი; ამდენჯერვე (1951, 1967, 1971, 1975, 1986) მოიპოვა ამავე ქვეყნის თასი; ხუთჯერ (1971, 1975, 1986, 1991, 1998) დაეუფლა სლოვაკეთის თასს, რომელიც ერთიანი ქვეყნის პირობებშიც თამაშდებოდა.

გარდა ამისა, კლუბი წარმატებული იყო ევროპულ ასპარეზზეც. 1969 წელს "სპარტაკმა" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ითამაშა, 1973 და 1974 წლებში კი მეოთხედფინალამდე მიაღწია.

არსებობის ისტორიაში, ტრნავას უმთავრესმა საფეხბურთო კლუბმა რვაჯერ შეიცვალა სახელი. ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება, მეტსახელია - "თეთრი ანგელოზები".

ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ "სპარტაკის" წარმატებები ძველებურად მჭექი ვეღარ არის. გასულ სეზონში გუნდმა სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, წლეულს კი ტრნაველები ჩემპიონობას უმიზნებენ.

კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი (428) მატჩი ვლადისლავ კუნამ ჩაატარა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირია იოზეფ ადამეცი (139 გოლი).

მწვრთნელი

იურაი იარაბეკი

"სპარტაკს" გამოცდილი დამრიგებელი, 62 წლის იურაი იარაბეკი თავკაცობს. მოქმედი ფეხბურთელის რანგში ის მაინცდამაინც წარმატებული ვერ იყო. კარიერა "სპარტაკში" დაიწყო, რის შემდეგაც "სერედში", "სენიცასა" და "კრომერიცში" ითამაშა.

პირველი დამოუკიდებელი სამწვრთნელო ნაბიჯი მან 2008 წელს გადადგა, როცა "იასლოვსკიე ბოჰუნცი" ჩაიბარა. ამას მოჰყვა 4-წლიანი (2009-13) მუშაობა "ზლატე მორავცეში", შარშან კი "სპარტაკის" გაძღოლა ანდეს.

დისციპლინა, ბრძოლა, სიხისტე - იარაბეკს ასეთი ფეხბურთის მიმდევარ სპეციალისტად მიიჩნევენ.

ფანები და სტადიონი
ყველა აღიარებს, რომ "სპარტაკს" სლოვაკეთში საუკეთესო ფანები ჰყავს. ისინი საკუთარ თავს "ულტრასებს" უწოდებენ და განსაკუთრებული მტრობა აქვთ ბრატისლავის "სლოვანის" გულშემატკივრებთან.

დიდი ხნის განმავლობაში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, "სპარტაკის" საშინაო არენა ყველაზე დასწრებადი სტადიონი იყო მთელი სლოვაკეთის მასშტაბით. ყოფილა შემთხვევები, როცა გუნდის საშინაო შეხვედრების შემდეგ პოლიციას საქმე კარგა ხანს არ გამოლევია...

"სპარტაკი" ანტონ მალატინსკის სახელობის სტადიონზე თამაშობს, რომელიც ახლა რეკონსტრუქციის პროცესშია. მარგველებს ტრნაველები ზლატე მორავცეს მთავარ საფეხბურთო არენაზე დაუხვდებიან.

ძველი ნაცნობი სპარტაკი და...
"სპარტაკისა" და დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის გზები ერთხელ უკვე გადაიკვეთა. 2008-09 წლების სეზონში სლოვაკური კლუბი უეფას თასიდან "ვიტ ჯორჯიამ" დაითხოვა.

ყველაფერი თბილისში, ლუკა რაზმაძის მიერ მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. სლოვაკეთში გუნდებმა შედეგიანი ფრე ითამაშეს - 2:2.

"ვიტ ჯორჯია" კარგ ფორმაში იყო და იქნებ ვენის "აუსტრიაც" გვარიანად ეწვალებინა, თუმცა... რუსეთის აგრესიის გამო ქართულმა გუნდმა ავსტრიელებთან მხოლოდ ერთი, საგარეო შეხვედრა ითამაშა, 0:2 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

...და დუკლა
მეტოქე ძლიერია და აღმავლობას განიცდის, თუმცა "ზესტაფონისთვის", ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის გარდა, ყველანაირი შედეგი წარუმატებლობა იქნება. მით უფრო, ზაფხულის ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანიის შემდეგ, მარგველებმა ხომ ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი, ლაშა გვალია, ბექა ტუღუში და ოთარ ხიზანეიშვილი დაიმატეს...


"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე "სპარტაკისა" და მალტური "ჰიბერნიანსის" სლოვაკურ მატჩს დაესწრო, რომელშიც მასპინძლებმა მეტოქე 5:0 გაანადგურეს და დამაჯერებლად გავიდნენ ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველი მატჩიც ტრნაველებმა მოიგეს - 4:2.

გეგუჩაძე ტრადიციას არ ღალატობს და უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ დუმილს ამჯობინებს. ზოგადად კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაქანებით "სპარტაკი" აშკარად სჯობს "ზესტაფონის" ძველ ნაცნობს, ასევე სლოვაკურ (ბანსკა ბისტრიცა) "დუკლას", რომელსაც მარგველებმა 2010/11 წლების სეზონში დამაჯერებლად მოუგეს ევროპალიგაზე - 3:0, 0:1.

"სპარტაკი" ევროპალიგაზე:
მეკარეები: დობრივოი რუსოვი, მატეი შტრაპეკი, ბოიან კნეჟევიჩი;
მცველები: მატეი სილვა, სრდან გრაბეცი, მარეკ იანეჩკა (კაპიტანი), მილან ბორტელი, მარტინ ტოტი, მატუშ ჩონკა, პატრიკ ბანოვიჩი;
ნახევარმცველები: იან ვლასკო, იან ხოვანეცი, ხოსე კასადო, ერიკ საბო, კამილ კუზმა, ნიკოლას შპალეკი, ტომას მიკინიჩი, მიროსლავ კასაი;
თავდამსხმელები: მარტინ მიკოვიჩი, მარტინ ვისკოჩილი, ივან შრანცი.

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014