11.07.2014
ჩვენი მეტოქე - ტრნავის "სპარტაკი"
გუშინ ევროპის 38 ქალაქში უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები გაიმართა. იმერული კლუბის გულშემატკივართა ყურადღება სლოვაკეთის ქალაქ ზლატე მორავცეში ტრნავას "სპარტაკსა" და მალტურ "ჰაიბერნიანსის" შორის გამართული მატჩის მიმართ იყო მიპყრობილი - მიმდინარე ტურნირის მეორე რაუნდის მატჩებში ზესტაფონელთა მეტოქის ვინაობა სწორედ ამ შეხვედრამ გამოავლინა.
მალტურ-სლოვაკური დუელის პირველი მატჩი 3 ივლისს მალტაში გაიმართა - სტუმრებმა მოიპოვეს გამარჯვება ანგარიშით 4-2. ტრნაველთა უპირატესობა ეჭვს არც გუშინდელ დუელში იწვევდა და, მოლოდინის შესაბამისად, ის კუნძულელთა განადგურებით 5-0 დასრულდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტურნირის მეორე რაუნდში საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ოპონენტი ტრნავას ”სპარტაკი” იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სლოვაკურ ზლატე მორავცეში (მატჩი ამ ქალაქში ტრნაველთა არენაზე მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო ჩატარდა) გამართულ შეხვედრას ზესტაფონელთა დამრიგებელი გია გეგუჩაძე ესწრებოდა.
ტრნავას "სპარტაკი" (www.spartak.sk) სლოვაკეთის ერთ-ერთი ცნობილი და ტიტულოვანი კლუბი გახლავთ. კლუბი 1923 წელს დაარსდა, თუმცა ჩეხეთსლოვაკეთში კომუნისტური რეჟიმის მმართველობის დროს რამდენიმე წლის მანძილზე "მეტალურგის" სახელითაც იასპარეზა. საშინაო მატჩებს გუნდი ანტონ მალატინსკის სახელობის სტადიონზე ატარებს.
"სპარტაკი" ჩეხეთსლოვაკეთის 5-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი გახლავთ. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გუნდმა ორჯერ უეფას ჩემპიონთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში და ერთხელაც ამავე ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზა. დამოუკიდებელი სლოვაკეთის ჩემპიონატებში კი ტრნაველებს მოპოვებული აქვთ ვერცხლის მედლების 3 და ბრინჯაოს 5 (მათ შორის, ახლახან დასრულებულ სეზონში) კომპლექტი. 1998 წელს გუნდი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ თასს დაეუფლა...
ტრნაველთა მთავარი მწვრთნელი 51 წლის ადგილობრივი სპეციალისტი იურაი იარაბეკი გახლავთ. სლოვაკ ფეხბურთელებთან ერთან, გუნდის ღირსებას სერბი და ჩეხი ლეგიონერები იცავენ.
აქვე უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, ქართულ-სლოვაკური დუელის პირველი მატჩი გაიმართება არა სლოვაკეთში, როგორც ეს თავიდან ნიონში გამართულმა კენჭისყრამ დაადგინა, არამედ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ დღეს სლოვაკეთში ევროპალიგის კიდევ ორი შეხვედრა უნდა ჩატარდეს და აქედან გამომდინარე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მართებულად ჩათვალა ჩვენი პირველი მატჩის საქართველოში გამართვა. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ 17 ივლისს "დავით აბაშიძეზე" ჩასატარებელი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
24 ივლისს კი ტრნაველებისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საპასუხო მატჩს სლოვაკეთი უმასპინძებს.
|