10.07.2014
სფფ "ზესტაფონის" ახალწვეულებს ევროტურნირის მატჩამდე 1 კვირით ადრე არ არეგისტრირებს
გთავაზობთ ინტერნეტ-გამოცემა "მსოფლიო სპორტის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას: "მომდევნო ხუთშაბათს "ზესტაფონს" პირველი მატჩი ელის სლოვაკურ ტრნავას "სპარტაკთან". ეს ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაა, ხოლო ხვალ უეფაში კლუბმა ფეხბურთელთა განაცხადი უნდა გაგზავნოს. ამ დროს კი, "ზესტაფონს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უარი უთხრა ახალწვეულების რეგისტრაციაზე... ნიკა გელაშვილი, ჯაბა დვალი, ლაშა გვალია და ბექა ტუღუში სადღეისოდ განაცხადში ვერ არიან მოხვედრილნი, რადგან ფედერაცია ნებას არ რთავს.
მიზეზი? "ზესტაფონი" ფედერაციის არბიტრაჟს არ აღიარებს.
ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებისას ერთ-ერთ პუნქტში იწერება, რომ დავის არსებობის (მაგალითად, ხელფასის დაგვიანება-გადაუხდელობა და ა.შ.) შემთხვევაში საქმე განიხილება არბიტრაჟში, ოღონდ რომელ არბიტრაჟში? "ზესტაფონი" ფედერაციის არბიტრაჟს არ აღიარებს და საჭიროების შემთხვევაში უნდა, რომ ნეიტრალურ არბიტრაჟს მიმართოს, ხოლო ფედერაციამ ულტიმატუმი წამოუყენა კლუბს – კონტრაქტში ჩვენს არბიტრაჟს თუ არ მიუთითებთ, არ დავარეგისტრირებთო...
ფედერაციის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონს" აქვს დავალიანებები ყოფილ ფეხბურთელებთან, ამის გამო არბიტრაჟმა კლუბს დაავალა კიდეც თანხის გადახდა რამდენიმე მოთამაშისთვის. თუმცა "ზესტაფონი" არ სცნობს ამ არბიტრაჟს და მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. თავის მხრივ, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია კლუბის მიერ შეტანილი მოთხოვნა და სარჩელის განხილვამდე, დაავალდებულა ფედერაცია დაარეგისტრიროს "ზესტაფონის" 4 წამყვანი ფეხბურთელი, რათა გუნდი ევროტურნირებზე მათ გარეშე არ დარჩეს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იმერული კლუბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაცია, ესოდენ საპასუხისმგებლო მომენტში, კლუბს მსგავსი მეთოდებით ებრძვის. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ფედერაციის მესვეურებს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონისა” და ზოგადად, ქართული საკლუბო ფეხბურთის წინააღმდეგ ერთგვარი “ჯიჰადი” აქვთ გამოცხადებული"”.
ქვემოთ გთავაზობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებას. ამ დოკუმენტში შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი:
1. შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ააიპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაევალოს დაარეგისტრიროს (რეგისტრაციაში გაატაროს) შპს „საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს“ და ფეხბურთელებს - ჯაბა დვალს, ნიკა გელაშვილს, ბექა ტუღუშს და ლაშა გვალიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და აღნიშნული ფეხბურთელები დაარეგისტრიროს შპს „საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შემადგენლობაში. ამასთან, ააიპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაევალოს „უეფაში“ წარსადგენად დაადასტუროს და დაამტკიცოს შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის“ მიერ მიწოდებული სიების შემადგენლობაში ჯაბა დვალი, ნიკა გელაშვილი, ბექა ტუღუში და ლაშა გვალია და ამ ფეხბურთელთა შემადგენლობით დადასტურებულ-დამტკიცებული სია გადააგზავნოს უეფაში“.
უნდა მოგახსენოთ იმის თაობაზეც, რომ დღის მეორე ნახევარში სფფ-დან მიღებული წერილიდან იკვეთება, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ ზემოთნახსენებ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია საქართველოს სახელით (ციტატა), ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს უარი ზესტაფონელთა ახალწვეულების ევროპული საკლუბო ტურნირების განაცხადში შეყვანაზე.
|