2014 წლის 3 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მორიგი, რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე სლოვაკეთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, საფეხბურთო კლუბი ”პოდბრეზოვა” გახლდათ.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და 11-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ კიდეც - 7-ე წუთზე სლოვაკ მცველებს ნიკოლოზ გელაშვილი გაექცათ და იმერულ გუნდში დაბრუნების შემდეგ თავის პირველი გოლიც გაიტანა, ხოლო 11-ეზე შორიდან ზუსტი დარტყმით იმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ზაზა ჭელიძემ გახადა ...
23-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა - "ზესტაფონის" საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა შტეფან გერეცმა და ბურთი კახაბერ მეშველიანის კარის დაუცველ კუთხეში გადაგზავნა. მალევე კიდევ ერთხელ თავის გამოჩენის შანსი ზაზა ჭელიძეს მიეცა, თუმცა მისი თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ტაიმის მიწურულს სლოვაკთა კარის ბადე მარგველთა კაპიტანმა თეიმურაზ ღონღაძემ კი შეარხია, თუმცა ავსტრიელმა არბიტრმა ზესტაფონელის მოქმედებებში წესის დარღვევა აღმოაჩინა და კარის აღება გააუქმა...
მეორე ტაიმის დებიუტში ჯაბა დვალმა გოლის გატანის ძალიან კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - მისი ახლოდან დარტყმული "პოდბრეზოვას" გოლკიპერმა იურაი ბალაჟმა სასწაულებრივად მოიგერია. 50-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა - იურაი ჰოვანჩიკმა აუღებელი დარტყმით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
მალევე თავის გუნდის დაწინაურების კარგი შესაძლებლობები გრიგოლ დოლიძეს, მიხეილ სარდალიშვილსა და დიმიტრი ტატანაშვილს მიეცათ, თუმცა თუ პირველ სიტუაციაში ზესტაფონელის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა, დანარჩენ ორ ეპიზოდში სლავთა გოლკიპერმა ივარგა.
მატჩის მიწურულს ქართველებმა მატჩის მოსაგებად გაიწიეს და გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ - გიორგი ფანცულაიას და თორნიკე კაპანაძის დარტყმების შემდეგ სლოვაკები ისევ მეკარემ იხსნა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი თორნიკე კაპანაძემ კარის აღებაც მოახერხა, თუმცა მატჩის არბიტრმა კარის აღება მეტად საეჭვო ოფსაიდის გამო გააუქმა. ფრე 2-2.
მორიგ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 ივლისს გამართავს - იენბახში გასამართ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე რუმინეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "ბოტოშანი" იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით - 19:00 საათი) დაიწყება.