02.07.2014
ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
|
|
"ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდმა უკვე ითამაშა ორი საკონტროლო მატჩი და უკრაინული ფეხბურთის გრანდებთან დამარცხდა. თუ კიევის "დინამოსთან" მარგველები განადგურდნენ (0:6), "შახტართან" ბოლო წამზე გაშვებული გოლით (3:4) წააგეს.
ამხანაგური მატჩები ერთია და მალე "ზესტაფონს" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ელის სლოვაკურ "სპარტაკსა" ან მალტურ "ჰიბერნიანსს" შორის გამარჯვებულთან. გუნდი ამ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა და, ცხადია, ევროასპარეზზე სტატისტის როლში ყოფნას არ აპირებს.
"ლელო" ავსტრიაში დაუკავშირდა "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს და ინტერვიუ სთხოვა.
- მოდით, შევაფასოთ ავსტრიული შეკრების განვლილი ნაწილი...
- აქ წამოსვლამდეც ვთქვით, რომ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევდა. გუნდი მნიშვნელოვნად კი გაძლიერდა, მაგრამ ცალკეული ფეხბურთელების მომზადებას შორის დიდი სხვაობაა. ზოგიერთი სულ ახლახან მოვიდა გუნდში. ვმუშაობთ ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე. დრო ცოტაა, დასალაგებელი კი - ჯერ კიდევ ბევრი. ყველაფერი უნდა მოვასწროთ ევროთასებამდე. მჯერა, ამას შევძლებთ.
ვიცი, ცალკე მკითხავთ ორი ამხანაგური მატჩის თაობაზე. არ გავურბივარ პასუხს. უბრალოდ, თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, ამ ეტაპზე, შედეგი მთავარი არ არის. სადღაც მეოთხე-მეხუთე მატჩისთვის გამოვა წინა პლანზე რეზულტატი. ეს თამაშები გუნდის ბოლომდე შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ.
- როგორ პირობებში გიწევთ მომზადება? ვიცით, რომ ავსტრიაში ხშირად წვიმს, ეს ხელს ხომ არ გიშლით?
- არა, პირიქით. სიგრილეა და ასეთ ამინდში უკეთესია ვარჯიში. რაც შეეხება სასტუმროს და მინდვრებს, ძალიან კომფორტულია ერთიც და მეორეც.
- ამხანაგური მატჩები თავად ახსენეთ, მაგრამ, იქნებ, დააკონკრეტოთ - რა მოხდა კიევის "დინამოსთან" მატჩში? გასაგებია, საწვრთნელი თამაში იყო, მაგრამ 0:6 მეტისმეტია...
- შეიძლება, ბევრს გაეცინოს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მოგვცა კიეველებთან გაჯიბრებამ. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ შედეგი არ იყო მთავარი, თუმცა ჩვენს ფეხბურთელებთან მკაცრი საუბარი გვქონდა. თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში უნდა ჩანდეს მეტი თავდადება, მონდომება, მოტივაცია... შენ წარმოადგენ შენს ქალაქს, შენს ქვეყანას...
და მაინც, მიმაჩნია, რომ ძლიერ გუნდებთან თამაში აუცილებელია. მხოლოდ მინდორზე როდი ვიღებ ინფორმაციას ჩემი ფეხბურთელების თაობაზე, მაგრამ იქ ბევრი რამ ჩანს. სუსტ გუნდთან ნაკლის შემჩნევა ძნელია.
- ვითარება გამოსწორდა "შახტართან". რის ხარჯზე მოხდა ეს?
- შედარებით ნაკლები დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ - ეს ერთი. მეორეც, კიევის "დინამოსთან" მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს უნდოდათ, დაემტკიცებინათ, რომ შეუძლიათ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ნორმალურად თამაში. ჩანდა, რომ გუნდს სწორედაც უნდოდა თამაში. ჩანდა ჟინი, ენერგია, ბურთთან ურთიერთობის სურვილი, პარტნიორის გრძნობა. თუმცა, იმ შეხვედრაშიც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.
- "ზესტაფონს" ყველა სათამაშო რგოლში სჭირდება მომატება, მაგრამ განსაკუთრებით - დაცვის ხაზში. ორ მატჩში გაშვებული 10 გოლი კატასტროფაა. თუმცა ნაპრალები უამისოდაც თვალსაჩინოა...
- გეთანხმებით. აკი გითხარით, დალაგება ყველა სათამაშო რგოლში გვჭირდება-მეთქი. სანამ ინტერვიუსთვის დამიკავშირდებოდით, სწორედ მცველების საკითხზე ვსაუბრობდით. ჩემი აზრით, გამოცდილი ოთარ ხიზანეიშვილი "ზესტაფონს" მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ცუდი ისაა, რომ ჯერაც ვერ მოგვარდა სავიზო პრობლემები. ოთარი უახლოეს ორ დღეში უნდა ჩამოვიდეს ავსტრიაში.
ხიზანეიშვილის დამატება სპონტანურად არ გადაგვიწყვეტია. მას ჯერ კიდევ თბილისში შევუთანხმდით კონტრაქტზე. ამ დროისთვის არ ვიცი, როგორ ფორმაშია და როდის შეძლებს ძირითადში თამაშს, მაგრამ ხიზანეიშვილის გამოცდილება რომ გვჭირდება, ფაქტია.
- ავსტრიაში "ზესტაფონის" პოტენციურმა მეტოქემ, ტრნავის "სპარტაკმა" ამხანაგურად ითამაშა და ბაქოს "ინტერს" მოუგო, მერე უნგრული "ჰალადაშიც" დაამარცხა. ხომ არ დასწრებია ვინმე ამ მატჩებს თქვენი სამწვრთნელო შტაბიდან?
- არა, მაგრამ გვაქვს ვიდეოფირები. როგორც თქვენ, ისე მეც მივიჩნევ სლოვაკურ "სპარტაკს" ფავორიტად "ჰიბერნიანსთან", მაგრამ მოდით, ჯერ ნუ ვიჩქარებთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ისე, გარწმუნებთ, რომ მეტოქის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაკლდება.
- ამ გუნდების ორი მატჩიდან ერთ-ერთს ხომ არ დაესწრებით?
- პირველ შეხვედრას, დიდი ალბათობით, არავინ დაესწრება ჩვენგან. მეორეს - ვნახოთ.
- ზესტაფონელი გულშემატკივარი განსაკუთრებით ელის დვალი-გელაშვილის დუეტის ათამაშებას. როგორ ფორმაში არიან ისინი?
- მეც ვიცი, რომ მოუთმენლად ელიან. ორივე ფეხბურთელის საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დრო სჭირდებათ საიმისოდ, რომ ძველებურად მძლავრად ათამაშდნენ. ისე, ჩვენ შეტევაში სხვა ვარიანტებიც გვაქვს.
3 ივლისს, თბილისის დროით 19 საათზე, ავსტრიული შეკრების მესამე მატჩში "ზესტაფონი" სლოვაკურ "პოდბრეზოვას" დაუპირისპირდება. (მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მატჩი კირხდორფის სტადიონზე გაიმართება)
|