2014 წლის 29 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე უკრაინის მოქმედი ჩემპიონი, უეფას თასის გათამაშების 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის საფეხბურთო კლუბი ”შახტარი” გახლდათ.
დღევანდელ შეხვედრაში იმერელთა ოპონენტი უკრაინის 9-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის თასის 4-გზის და სუპერთასის ერთგზის, უკრაინის სუპერთასის 5-გზის მფლობელი და უეფას თასის 2009 წლის გამარჯვებული, დონიცკის საფეხბურთო კლუბი ”შახტარი” გახლდათ.
მართალია, ქართველთა წინააღმდეგ არ უთამაშიათ სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მყოფ დარიო სრნას, ედუარდოს (ორივე - ხორვატია) და ბერნარდს (ბრაზილია), თუმცა, დონბასელთა დამრიგებელმა მირჩა ლუჩესკუმ, რომლის გუნდშიც მაღალი დონის მრავალი შემსრულებელი ასპარეზობს, საქმეში დანარჩენი ფეხბურთელები, მათ შორის 8 ბრაზილიელი ლეგიონერიც, გამოიყენა.
შეხვედრა, რომელიც დაბა გოინგის სტადიონზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 16:00 (თბილისის დროით - 18:00) საათზე დაიწყო. ზესტაფონელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მოედანზე კიევის "დინამოსთან" რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩისაგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა. თუმცა, იმ შეხვედრის მსგავსად, შეხვედრის პირველი წუთები იმერელთათვის ამჯერადაც უსიამოვნოგამოდგა - უკრაინელები უკვე 5-ე წუთზე ლუის ადრიანოს ზუსტი დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ.
ზესტაფონელები ამას არ დაუბნევია და ზედიზედ ორ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს ჯაბა დვალი გახლდათ - პირველ ეპიზოდში მარგველთა შემტევს სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა, მეორეში კი საიმედოდ დონეცკელთა გოლკიპერმა ითამაშა. საბოლოოდ, ორივე გუნდის ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა...
სამაგიეროდ, ძალიან კარგი სანახავი და უხვგოლიანი გამოდგა ქართულ-უკრაინული დაპირისპირების მეორე ნახევარი. 54-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - გიორგი ფანცულაიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად გიორგი კუხიანიძემ აქცია. ზუსტად 2 წუთში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა უკვე "ზესტაფონის" კარში დაინიშნა - ოლექსანდრ გლადკიმ გოლი მშვიდად გაიტანა.
ამის შემდეგ ისევ ქართველები გააქტიურდნენ და 77-ე წუთზე მათი სამაგალითო შეტევა მიხეილ სარდალიშვილის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. 82-ე და 83-ე წუთებზე მეტოქეებმა გოლები კიდევ ერთხელ გაცვალეს - ჯერ უკრაინელები ისევ ოლექსანდრ გლადკიმ დააწინაურა, ზუსტად ერთ წუთში კი წონასწორობა თედორე გრიგალაშვილმა აღადგინა.
მაშინ, როდესაც ანგარიში 3-3 გახლდათ, იმერლებს მატჩის სათავისოდ შემოტრიალებს ორი კარგი შესაძლებლობა მიეცათ - პირველ ეპიზოდში "შახტარის" გოლკიპერმა დიმიტრი ტატანაშვილის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, მეორეში კი გადამწყვეტი დარტყმა მიხეილ სარდალიშვილს არ გამოუვიდა...
შედეგად, საგოლე მომენტების გაფლანგვის გამო, ზესტაფონელები დაისაჯნენ - მატჩის ბოლოსწინა, 89-ე წუთზე "შახტარმა" ქართველთა კართან სწრაფი იერიში განახორციელა და დასარტყმელ პოზიციაზე მარტო დარჩენილმა ალექს ტეიშეირამ გამარჯვება უკრაინულ გუნდს მოუტანა - 3-4.
მიმდინარე შეკრების რიგით მესამე მატჩს ჩვენი გუნდი 3 ივლისს გამართავს - მარგველები სლოვაკეთის ჩემპიონატის დებიუტანტ საფეხბურთო კლუბ ”პოდბრეზოვას” დაუპირისპირდებიან. მატჩი გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ ბად რაიჰენჰალში (Bad Reichenhall) გაიმართება და ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება ...