27.06.2014
ინტერვიუ ოთარ ხიზანეიშვილთან
|
|
როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ავსტრიული შეკრების გასავლელად 27 ფეხბურთელის გვარი დაასახელა. თუმცა, ამ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი, ოთარ ხიზანეიშვილი ჯერაც თბილისშია. გამოცდილი მცველი იმერულ კლუბს ავსტრიულ შეკრებაზე სავიზო პრობლემების გამო ვერ გაჰყვა, თუმცა იმერლებს სულ რამდენიმე დღეში შეუერთდება.
გაზეთი "ლელო" 32 წლის მცველს დაუკავშირდა და მას ინტერვიუ თხოვა...
- "ზესტაფონში" გადასვლა ჩემთვის უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ეს გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და მწვრთნელიც გამორჩეული ჰყავს. ვიცი, რომ ზესტაფონში სტადიონი თითქმის სულ სავსეა და იქ მხურვალედ ქომაგობენ თავიანთ გუნდს.
არ დავმალავ, განსაკუთრებულად მეიმედება გია გეგუჩაძის - ის შესანიშნავი სპეციალისტია. ვეცდები, ჩემი გამოცდილებით შევეშველო "ზესტაფონს".
- ავსტრიაში გუნდთან ერთად რატომ ვერ გაემგზავრეთ?
- ვიზა არ მქონდა. ჩემი პასპორტი ახლა საელჩოშია. მალე წავალ ავსტრიაში.
- გია გეგუჩაძესთან ადრე არ გიმუშავიათ?
- ბავშვი ვიყავი, როცა დავით ყიფიანს ეხმარებოდა "დინამოში". ერთად მაშინ ვიმუშავეთ. ყურადღებით ვადევნებდი თვალს "ზესტაფონის" ასპარეზობას. გუნდს უკვე თავისი ადგილი აქვს ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მწვრთნელის დამსახურებაა.
ბოლო დროს გარკვეული ჩავარდნა იყო, თუმცა გეგუჩაძის დაბრუნება აღმავლობის დასაწყისად იქცა. შემადგენლობა ძალიან კარგია. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
მე ისეთ ფეხბურთელთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც დიდ ყურადღებას აქცევს მწვრთნელის განსწავლულობას. ვფიქრობ, ჩემს ასაკშიც კი ბევრ ახალს შევითვისებ გეგუჩაძისაგან.
- რას იტყვით "ზესტაფონის" ევროპულ შანსებზე?
- ახალი გუნდია, მაგრამ დიდი მიზნები აქვს. ამ შემადგენლობიდან გამომდინარე, ევროპალიგის მეორე ეტაპი აუცილებლად უნდა გავიაროთ.
ჩვენი მეტოქე ალბათ სლოვაკური "სპარტაკი" იქნება. ტრნაველებს ბაქოს "ინტერისთვის" მოუგიათ. იოლი თამაში არ იქნება, მაგრამ ვალდებულნი ვართ, ეს ეტაპი გავიაროთ და არც ამით დავკმაყოფილდეთ.
- ახალ პარტნიორებს თუ იცნობთ?
- ყველას არა, მაგრამ ადაპტაცია არ გამიჭირდება.
- ფაქტია, ბევრი აღარ ენდობა თქვენი ასაკის ფეხბურთელებს...
- დიახ, ფაქტია და ეს არ არის კარგი. ეს ნდობა, გეგუჩაძემ რომ გამომიცხადა, განსაკუთრებულ მოტივაციას მიჩენს.
|