2014 წლის 26 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე საბჭოთა, უკრაინული და ევროპული ფეხბურთის გრანდი, კიევის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” გახლდათ.
დღევანდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე საბჭოთა კავშირისა 13-გზის ჩემპიონი და 9-გზის თასის მფლობელი, უკრაინის 13-გზის ჩემპიონი და 10-გზის თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის სუპერთასის 3-ჯერ და უკრაინის სუპერთასის 5-ჯერ მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის 2-ჯერ და ევროპის სუპერთასის ერთგზის მფლობელი, კიევის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” გახლდათ.
მართალია, ზესტაფონელთა წინააღმდეგ არ უთამაშია დინამოელთა ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალზე მოასპარეზე ოთხეულს (მიგელი (პორტუგალია), დომაგოი ვიდა, ოგნიენ ვუკოევიჩი (ორივე - ხორვატია) და ჯერმეინ ლენსი (ჰოლანდია)), სამაგიეროდ კიეველთა დამრიგებელმა სერგეი რებროვმა საქმეში მის განკარგულებაში მყოფი დანარჩენი ფეხბურთელები გამოიყენა.
შეხვედრა, რომელიც დაბა იენბახის სტადიონზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 17:00 (თბილისის დროით - 19:00) საათზე დაიწყო. ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოასპარეზე ზესტაფონელთათვის, რომლებიც მზადების ამ ეტაპზე მძიმე ფიზიკური დატვირთვების ქვეშ იმყოფებიან (აქვე უნდა ითქვას, რომ გუნდმა დაგეგმილი ვარჯიში დღეს დილითაც გამართა), დღევანდელი შეხვედრის პირველ ნახევარი ძალიან უსიამოვნოდ წარიმართა. რად ღირს მხოლოდ ის, რომ კიეველთა პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა - უკრაინელები უკვე 2-ე წუთზე არტიომ კრავეცმა დააწინაურა.
ზესტაფონელთაგან განსხვავებით, კიეველები დღეს დილით არ დატვირთულან და მხოლოდ მსუბუქი მოთელვით შემოიფარგლნენ. აქედან გამომდინარე, დინამოელები ოპონენტზე გაცილებით უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდნენ და ტაიმის ბოლომდე კიდევ სამჯერ (ლუკმან ჰარუნა (24-ე და 22-ე წუთები) და ანდრიი იარმოლენკო (45-ე წუთი) აიღეს ბოიან პავლოვიჩის კარი.
მეორე ტაიმის დებიუტში იმერლებმა საკუთარ კარში კურიოზული გოლიც მიიღეს - 49-ე წუთზე ანდრიი იარმოლენკოს თავურის შემდეგ ბურთი ზესტაფონელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და პავლოვიჩს კარის ბადეში აღმოჩნდა. უნდა ითქვას, რომ მეორე ნახევარში იმერელთა სამწვრთნელო შტაბმა შეცვლებს მიმართა და თამაშიც მეტნაკლებად გათანაბრდა. ჯაბა დვალსა და ნიკოლოზ გელაშვილს ანგარიშის დასველების შესაძლებლობებიც მიეცათ, თუმცა ქართველთა გუნდს დღეს იღბალმა ზურგი აქცია...
სამაგიეროდ, 87-ე წუთზე თავი გამოიჩინა კიეველთა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გამოცდილმა მცველმა ოლეგ ჰუსევმა. სწორედ "დინამოს" ვეტერანის მიერ გატანილი გოლი აღმოჩნდა დღევანდელი შეხვედრის ბოლო "აკორდი" - ზესტაფონელთა მარცხი დიდი ანგარიშით 0-6.
შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 29 (ნაცვლად 30-სა) ივნისს გამართავს - ზესტაფონელები უკრაინის ჩემპიონს, დონეცკის საფეხბურთო კლუბ ”შახტარს” დაუპირისპირდებიან. მატჩი დაბა გოინგში(Going am Wilden Kaiser) გაიმართება და ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე) დაიწყება ...