Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.06.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ევროპალიგის კენჭისყრა: პირველი შეფასებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეტოქე სლოვაკური ტრნავას "სპარტაკისა" და მალტური "ჰაიბერნიანის" წყვილში გამარჯვებული იქნება. ამ წყვილში ფავორიტი სლოვაკური კლუბია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთში ხშირად ალოგიკური შედეგებიც ფიქსირდება, წინასწარ საუბარს აჯობებს, მათ თამაშს დაველოდოთ.

 

მანამდე კი გთავაზობთ "ზესტაფონის" ფეხბურთელების კომენტარებს, რომლებიც მომავალი მეტოქეების სიძლიერეს და საკუთარი გუნდის შანსებს აფასებენ.

 

ნიკოლოზ საბანაძე: "ჩვენი მეტოქე სლოვაკეთის ან მალტის კლუბი იქნება. რა თქმა უნდა, სლოვაკეთის და მალტის ჩემპიონატების დონე ერთმანეთისგან განსხვავდება. სლოვაკეთში ბევრად უკეთესი ჩემპიონატი და შესაბამისად, უკეთესი გუნდები არიან. ჩემი აზრით, ფავორიტი ამ წყვილში ტრნავას "სპარტაკია", თუმცა ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვემზადებით მომავალი თამაშებისთვის და ყველა მეტოქესთან მოსაგებად ვიბრძოლებთ".

 

გიორგი ჭანკოტაძე: "გუნდში კარგი განწყობაა. სავარაუდო მეტოქეები უკვე ვიცით, მაგრამ უკეთესი ვარიანტი რომელი იქნება, ამაზე არ მიფიქრია. შემდეგ ეტაპზე აუცილებლად "ზესტაფონი" უნდა გავიდეს. პირველი თამაშის გასვლაზე ჩატარება ფსიქოლოგიურად გარკვეულ უპირატესობას გვიქმნის, რადგან როცა იცი, რომ მეორე და გადამწყვეტ თამაშს შენი გულშემატკივრის წინაშე ჩაატარებ, ეს უკვე უპირატესობაა".

 

ლევან შარიქაძე: "გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, ახლა შეკრებაზე ვართ და ყველაფერი კარგად მიდის. შეთამაშება გვჭირდება და ეს შეკრება ამაში დაგვეხმარება. რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეებს, ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს რომელი შეგვხვდება. ორივე შემთხვევაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

 

გიორგი ფანცულაია: "ევროპის ლიგის მატჩებისთვის ავსტრიაში ვემზადებით. გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. შანსებს რაც შეეხება, ალბათ 50/50-ზეა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ მოედანზე. მოგების გარდა, გვინდა კარგი თამაში ვაჩვენოთ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება იმას, რომ პირველ თამაშს გასვლაზე ვთამაშობთ, ამას, ჩემი აზრით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე დაპირისპირებაში ღირსეულად უნდა ვითამაშოთ".

 

 

ოთარ მუმლაძე, www.Geosports.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014