23.06.2014
ნიონში უეფას საკლუბო ტურნირების კენჭისყრა გაიმართა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს გამართულმა კენჭისყრამ უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მომავალი მეტოქე გამოავლინა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ოპონენტი სლოვაკური ტრნავას ”სპარტაკისა” და მალტური "ჰაიბერნიანის" წყვილში გამარჯვებული იქნება.
ტრნავას "სპარტაკი" (www.spartak.sk) სლოვაკეთის ერთ-ერთი ცნობილი და ტიტულოვანი კლუბი გახლავთ. კლუბი 1923 წელს დაარსდა, თუმცა ჩეხეთსლოვაკეთში კომუნისტური რეჟიმის მმართველობის დროს რამდენიმე წლის მანძილზე "მეტალურგის" სახელითაც უასპარეზია. საშინაო თამაშებს გუნდი ანტონ მალატინსკის სახელობის სტადიონზე ატარებს.
"სპარტაკი" ჩეხეთსლოვაკეთის 5-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი გახლავთ. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გუნდმა ორჯერ უეფას ჩემპიონთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში და ერთხელაც ამავე ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზა. დამოუკიდებელი სლოვაკეთის ჩემპიონატებში ტრნაველებს მოპოვებული აქვთ ვერცხლის მედლების 3 და ბრინჯაოს 5 (მათ შორის ახლახან დასრულებულ სეზონში) კომპლექტი. 1998 წელს გუნდი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ თასს დაეუფლა.
ტრნაველთა მთავარი მწვრთნელი 51 წლის ადგილობრივი სპეციალისტი იურაი იარაბეკი გახლავთ. ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთან, გუნდის ღირსებას სერბი, ჩეხი და ნიგერიელი ლეგიონერები იცავენ.
უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სლოვაკური კლუბის მეტოქე მალტის წარმომადგენელი, ქალაქ პაოლას საფეხბურთო კლუბი "ჰაიბერნიანი" (www.hiberniansfc.org) იქნება. საშინაო მატჩებს პაოლელები, რომლებსაც 42 წლის სერბი სპეციალისტი ბრანკო ნისევიჩი წვრთნის, სტადიონ "ჰაიბერნიან გრაუნდზე" ატარებენ. გუნდი მალტის 10-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ ქვეყნის ეროვნული თასის მფლობელი გახლავთ.
მალტურ-სლოვაკური დუელის პირველი მატჩი 3 ივლისს მალტაში გაიმართება, განმეორებითი კი 10 ივლისს სლოვაკურ ზლატე მორავცეში (ტრნაველთა არენაზე მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო). თავის მხრივ, ამ წყვილის გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში 17 ივლისს საქართველოს ვიცე-ჩემპიონს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 24 ივლისს გაიმართება.
|