2014 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებისათვის ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.
"ზესტაფონის" დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა გუნდის 21 ფეხბურთელს მისცა, შესვენების შემდეგ მარგველთა რიგებში 10 ცვლილება განხორციელდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეს ზესტაფონელთათვის დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია - სხვადასხვა მიზეზის გამო იმერულ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ თეიმურაზ ღონღაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ფანცულაია, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე და დავით კუპატაძე.
შეხვედრის სადებიუტო ნაწილი იმერელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 30-ე წუთზე მოხერხდა - თავი "ზესტაფონის" რიგებში ახლახან დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს უკვე ბოლნისელები გააქტიურდნენ და 44-ე წუთზე მათ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს - მარგველთა გოლკიპერმა ბოიან პავლოვიჩმა ქვემოქართლელთა ნახევარმცველის ალეკო გოგობერიშვილის 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული კი მოიგერია, თუმცა ბურთი ისევ ბოლნისელს მიუვიდა და ანგარიშიც გათანაბრდა 1-1.
მეორე ტაიმის დებიუტში (53-ე წუთი) წინ უკვე ბოლნისელები გავიდნენ - თავი ზუსტი თავურით დავით იმედაშვილმა გამოიჩინა. 65-ე წუთზე კი ჯაბა უგულავამ ბოლნისელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. დარჩენილი დროში ზესტაფონელები გააქტიურდნენ, მეტოქის კარის სიახლოვეს სახიფათო მომენტებიც შექმნეს, პენალტის შესრულების უფლებაც მოიპოვეს (ბექა ტუღუშის დარტყმა "სიონის" გოლკიპერმა მოიგერია), თუმცა ანგარიში აღარ შეიცვლა - მარცხი ანგარიშით 1-3.