19.06.2014
ნიკოლოზ გელაშვილი: შინ დავბრუნდი!
|
|
საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მასთან კონტრაქტი კი 1+1 სისტემით გაფორმდა.
გელაშვილის ბოლო კლუბი აზერბაიჯანული "ყარაბაღი" იყო, სადაც ჩვენებურმა შემტევმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. გასულ სეზონში მან აზერბაიჯანულ კლუბში 26 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
წარმოშობით თელაველმა ფეხბურთელმა კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას "ვიტ ჯორჯიასა" და გერმანულ "ბოხუმში" უთამაშია. 2008-12 წლებში გელაშვილი "ზესტაფონის" ბომბარდირი გახლდათ - 63 გოლი 107 მატჩში.
საინტერესოა, რომ გუნდის ოდინდელი ლიდერის დაბრუნება ზესტაფონელთა იუბილეს დაემთხვა - 18 ივნისს კლუბის დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. საფეხბურთო თვალსაზრისით, ეს დიდი დრო არ არის, თუმცა "ზესტაფონს" ტიტულები მაინც არ აკლია - ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ ვერცხლის მედლები მოიგო, ორჯერ ბრინჯაოსპრიზიორი გახდა. ამას გარდა, "ზესტაფონი" ერთგზის საქართველოს თასის, ხოლო ორჯერ სუპერთასის მფლობელიცაა.
ახლა კი დავუბრუნდეთ "ზესტაფონის" ახალწვეულს, რომელმაც კონტრაქტის გაფორმებისთანავე "ლელოს" ინტერვიუ მისცა:
- ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სახლში ვბრუნდები. "ზესტაფონი" რომ არ მომნატრებოდა, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი. ძველი, ტკბილი დრო მინდა დავაბრუნოთ. იცით, ყველაფერმა ერთობლივად განაპირობა ჩემი დაბრუნება - უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი ხალხის მხრიდან, მწერდნენ, მკითხულობდნენ, მეფერებოდნენ...
მე ხომ ვიცი, რომ ვალში ვარ მათ წინაშე. "შტურმთან" რომ გამეტანა, სხვა შედეგი იქნებოდა. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას დიდი ნდობისთვის.
- გამოდის, რომ "ზესტაფონთან" ერთად, მიზნად გაქვთ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში...
- ასეა. ეს არის მიზანი, რომელიც ყველას გვაერთიანებს. გუნდში ამის პოტენციალს ვხედავ. მწვრთნელი კი... გია გეგუჩაძეს ჩემი ქება არ სჭირდება. უზომოდ მოტივირებული ვარ. სულ მალე ევროპალიგაზე ვითამაშებთ და იქ ღირსეულად უნდა გამოვიდეთ. მერე ჩემპიონები უნდა გავხდეთ და საქართველო ევროპის რანგით პირველ ტურნირზეც ვასახელოთ.
- "ზესტაფონში" ბევრი ახალი სახეა. ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდებათ?
- არანაირად! მე ხომ სახლში დავბრუნდი.
- ოპტიმალურ კონდიციებამდე ბევრი გიკლიათ?
- არა, მხოლოდ 20 დღე დავისვენე.
- "ყარაბაღში" გატარებულ პერიოდს როგორ იხსენებთ?
- კარგად. გუნდთან ერთად, აზერბაიჯანის ჩემპიონი გავხდი, გოლებიც გავიტანე, თუმცა მეტიც შემეძლო, რომ არა კოჭის ტრავმა. ამის გამო მეორე წრეში ბევრი გამიცდა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ აეწყო თქვენი გერმანული კარიერა "ბოხუმში"?
- ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. არადა, ყველაფერი დიდებულად დაიწყო - სადებიუტო შეხვედრაში გოლი შევაგდე. მერე ასე კარგად ვეღარ გავაგრძელე. შეიცვალა მწვრთნელი, იყო ტრავმა, გავიტანე ავტოგოლი...
თავს არ ვიმართლებ, ფაქტია, რომ უკეთ უნდა მეთამაშა "ბოხუმში". მიუხედავად ამისა, იქ წასვლას არ ვნანობ, ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი. ვნახე, რა არის ნამდვილი ფეხბურთი და ის, თუ როგორ შეიძლება, ყველა შეხვედრა დღესასწაულად აქციო.
- "ზესტაფონზე" გადმოვერთოთ. აქ ჯაბა დვალი დაგხვდებათ, თქვენი ოდინდელი მეწყვილე...
- როცა ჯაბა "ყარაბაღში" მოვიდა, პირველივე ვარჯიშზე ისეთები გავაკეთეთ, თანაგუნდელებმა "ტყუპები" შეგვარქვეს. ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვისიც ბოლომდე მესმის მოედანზე. არ დავმალავ, დვალის ფაქტორიცაა "დამნაშავე" იმაში, არჩევანი "ზესტაფონის" სასარგებლოდ რომ გავაკეთე.
- ყველა თავდამსხმელი ფიქრობს ამაზე და თქვენც არ იქნებით გამონაკლისი: რამდენი გოლის გატანა გაქვთ მიზნად საქართველოს მომავალ ჩემპიონატში?
- თავდამსხმელები ცოტა ეგოისტები ვართ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება გოლებს, ამაზე მიფიქრია და ვერც იმას ვიტყვი, რომ პირადი სტატისტიკა არ მაღელვებს. თუმცა ჩემთვის მთავარი იმ მიზნის მიღწევაა, რისთვისაც "ზესტაფონში" დავბრუნდი.
|
|