18.06.2014
ამ დღეს დაიბადა "ზესტაფონი"
ბოლო ათწლეულის გამორჩეული გუნდი
ზუსტად ათი წლის წინ, 2004 წლის 18 ივნისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ზესტაფონის ''ზესტაფონი'' დაიბადა. იმერულმა კლუბმა, ამ ათი წლის განმავლობაში, ბევრი რამ მოასწრო, მათ შორის ალბათ უმთავრესი, ზესტაფონის სახელით ევროპის მასშტაბით თამაში იყო.
ათი წელი ცოტა არ არის, მაგრამ არც ისე ბევრია იმის მოსასწრებად, რაც ამ პერიოდში ''ზესტაფონმა" გააკეთა. კლუბმა დაარსების პირველივე წელს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ითამაშა. საერთოდ, პირველ პერიოდში ''ზესტაფონი'' სათასო გუნდად ითვლებოდა, რაზეც ამ კლუბის ჩემპიონატში დაკავებული ადგილები და თასის ფინალებში მონაწილეობის რაოდენობაც მეტყველებს. ზედიზედ ოთხჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თამაში ადვილი არ არის, თუმცა, ალბათ ადვილი არც 3-ჯერ ფინალში დამარცხებაა.
პირველი ნანატრი ტიტული ''ზესტაფონმა'' 2008 წლის 16 მაისს მოიპოვა. მაშინ იმერული კლუბის მწვრთნელი თემურ მახარაძე იყო. თასის ფინალში ზესტაფონელებმა ანგარიშით 2-1 თბილისის ''ამერი'' დაამარცხეს. 2008 წლის შემდეგ ''ზესტაფონმა'', როგორც თამაშის ხარისხით, ისე შედეგიანობის მხრივ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა. გია გეგუჩაძის ''ზესტაფონში'' მუშაობა ქართულ ფებხურთში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი მოვლენა იყო.
2011 წლიდან "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატში დომინანტი გუნდი ხდება. 2011 წლის 14 მაისს იმერული კლუბი თავის არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ერთი წლის შემდეგ კი ''ზესტაფონმა'' ტიტულის დაცვა მოახერხა და ზედიზედ მეორედ გახდა ოქროსმედალოსანი.
გარდა იმისა, რომ მათი თამაში შედეგიანი იყო, გია გეგუჩაძის სანახაობრივ ფეხბურთსაც თამაშობდა. ალბათ ყველა ზესტაფონელ გულშემატივარს აქვს იმ წლების ნოსტალგია, როცა ''ზესტაფონი'' როგორც საშინაო, ისე საგარეო არენაზეც ღირსეულად და კარგად თამაშობდა.
სწორედ ამის გამეორებას და კიდევ უფრო მეტის მიღწევას ცდილობს დღეს ილია კოკაიას გუნდი. ამისთვის იმერული კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გადადგა რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი: ''ზესტაფონს'' დაუბრუნდნენ გია გეგუჩაძე, ნიკოლოზ გელაშვილი და ჯაბა დვალი. გარდა ამ ადამიანებისა, კლუბს უკვე შეუერთდა რამენიმე ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელი. მიზანი ერთია და უმთავრესი - ''ზესტაფონი'' ევროპის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა მოხვდეს. პირველივე წელს ამის გაკეთება ძნელი იქნება, თუმცა სატრანსფერო პოლიტიკის გათვალისწინებით, შეუძლებელი ეს ამოცანა სულაც არ ჩანს.
''ზესტაფონმა'' ათწლიანი არსებობის პერიოდში, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტიც განახორციელა. კლუბს აქვს მაღალი დონის ბაზა და სტადიონი, რომელზეც ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მატჩები ჩატარებულა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოწყობილი და მოწესრიგებულია ჩვენ ჩემპიონატში. კლუბის მფლობელის, ილია კოკაიას ძალისხმევით სტადიონის დიდ ნაწილს რეკონსტრუქცია 2005 წელს ჩაუტარდა, ხოლო მინდვრის საფარი თავიდან ბოლომდე გამოიცვალა.
ცალკე საუბრის თემაა თბილისის ბაზა, რომელსაც იმერული კლუბი თბილისის ზღვაზე აშენებს. ქართულ ფეხბურთში ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ერთ კლუბს ორი ბაზა სხვადასხვა ქალაქში ჰქონოდეს. ''ზესტაფონი'' აღმოსავლეთ საქართვლოში გასამართი თამაშებისთვის თბილისის ზღვაზე აშენებულ ბაზაზე მოემზადება. ეს, ქართული ფეხბურთის დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ნამდვილად დიდი ფუფუნებაა.
''ზესტაფონს'' ჰყავს ფანკლუბი, სადაც ოფიციალურად ასი წევრია დარეგისტრირებული. ''ზესტაფანები'' როგორც საშინაო, ისე გასვლით თამაშებზე თავის გუნდს მუდმივად დაყვებიან. ერთ-ერთი გამორჩეული იყო მათი გასვლითი ტური ბაქოში. ორი წლის წინ, ''ზესტაფონისა'' და ბაქოს ''ნეფთჩის'' დაპირისპირებაზე, ''ზესტაფანები'' აზერბაიჯანის დედაქალაქში ავტობუსით ჩავიდნენ. 16-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ისინი ბაქოში, ადგილობრივებზე არანაკლებად გულშემატკივრობდნენ თავიანთ კლუბს (იმ თამაშზე მეც ბაქოში ვიყავი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რასაც ვწერ).
გია გეგუჩაძის ''ზესტაფონში'' მეორედ მოსვლამდე, კლუბში არაერთი მწვრთნელი გამოიცვალა. ყველაზე ხარისხიანი და შედეგიანი ფეხბურთი გეგუჩაძის შემდეგ გია ჭიაბრიშვილის "ზესტაფონმა" ითამაშა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. რომ არა 2012 წლის სკანდალური თასის ფინალი, ვინ იცის, იქნებ ''ზესტაფონს'' სამივე ტიტული მოეგო.
ჭიაბრიშვილის ხსენებაზე, ალბათ ყველას თვალწინ დაუდგა ''ზესტაფონისა'' და ''ბრიუგეს'' შორის თბილისში გამართული სანახაობრივი და შედეგიანი თამაში. იმერულმა კლუბმა ევროპის ერთ-ერთ სახელოვან გუნდს არაფერი დაუთმო და სამი გოლი გაუტანა. მართალია, მატჩი ფრედ დასრულდა და ევოპის ლიგის ჯგუფშიც "ბრიუგე" მოხვდა, თუმცა ''ზესტაფონმა'' იმ მომენტში მაქსიმუმი გააკეთა და ღირსეულად ითამაშა.
''ზესტაფონი'' იმ მცირეოდენ ქართულ კლუბებს შორისაა, ვისთვისაც გარიგებულ და საეჭვო მატჩებში მონაწილეობა მიუღებელია. განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ეს საკითხი ძალიან მტკივნეული გახდა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ''ზესტაფონზე'' ამ კუთხით ეჭვი მიეტანოს. სამართლიანი თამაში - იმერული კლუბი ნამდვილად არის ამ პრინციპის ერთგული და მატარებელი.
წარუმატებელი გადმოდგა ზაზა ზამთარაძისა და დავით მუჯირის, ასევე სერბი მწვრთნელის რატკო დოსტანიჩის ''ზესტაფონში'' მუშაობა. არც ისე წარმატებული იყო კახა კაჭარავას მუშაობაც, თუმცა მისი ხელმძღვანელობით, 2013 წელს, იმერულმა კლუბმა გორის ''დილას'' საქართველოს სუპერთასი მოუგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სეზონამდე ''ზესტაფონს'' საქართველოს ჩემპიონატი მეორე ადგილზე არ დაუსრულებია. გეგუჩაძის ხელმღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ვერცხლის მედლებიც დაისაკუთრა.
მომავალი სეზონიდან ''ზესტაფონის'' მთავარი მიზანი არა ვერცხლის, არამედ ოქროს მედლები იქნება. კლუბი სულ ცოტა ხანში გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც ევროპის ლიგისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის. საკმაოდ ძლიერ გუნდებთან ექნება სპარინგი. იმერული კლუბი დონეცკის "შახტარსა" და კიევის ''დინამოს'' სწორედ ავსტრიაში დაუპირუსპირდება.
ზესტაფონის ''ზესტაფონს'' და მის გულშემატკივარს Geosports.ge-ის სახელით დაბადების დღეს ვულოცავთ. ევროპის მატჩებში კი, ისევე როგორც დანარჩენ ქართულ კლუბებს, მათაც წარმატებებს ვუსურვებთ!
იბეჭდება მცირე ცვლილებებით ... |