2014 წლის 18 ივნისს საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა ბანაკში საზეიმო განწყობა სუფევდა - მარგველები კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დღეს დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. საღამოს კი გია გეგუჩაძემ პირველი გუნდის ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”თეთრებად” და ”ლურჯებად” დაჰყო და დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საინტერესო მატჩი გაიმართა.
შეხვედრა, რომელშიც გუნდებმა ორი 40-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”ლურჯების” შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიში "თეთრებმა" გახსნეს - 26-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად რევაზ გეწაძემ აქცია. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ”ლურჯების” კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და გიორგი კუხიანიძემ თავის გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა 2-0.
მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში, ზაზა ჭელიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა 56-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ორბურთიანი "სტატუს-ქვო" ისევ აღადგინა. სწორედ ფანცულაიას "გასროლა" გამოდგა დღევანდელ დაპირისპირებაში გატანილი ბოლო გოლი - "თეთრებმა" გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა არ მიუღიათ ნიკა საბანაძეს, გრიგოლ დოლიძეს, ლაშა გვალიას, თეიმურაზ ღონღაძეს, ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილს. ყველა ეს ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და საერთო ჯგუფს უახლოეს დღეებში შეუერთდება.