მეც მინდოდა ევროპაში - პირველი კოლუმბელი ქართულ ფეხბურთში
ედუარ სეა ჩავესი
17 ივნისს "ზესტაფონის" შემადგენლობაში პირველად ივარჯიშა კოლუმბიელმა ცენტრალურმა მცველმა, 24 წლის ედუარ სეა ჩავესმა.
საქართველოს პირველობაზე ამ ქვეყნის წარმომადგენელს ადრე არასოდეს უთამაშია და ცხადია, ჩავესისადმი ქართველი ქომაგის ინტერესი დიდია. მასთან ერთად მარგველთა რიგები შეავსო 20 წლის ნიგერიელმა შემტევმა ჯონ ჯერემიამ, ვინც ბოლოს სომხურ "მიკაში" იყო, ისე კი ჩვენი გულშემატკივარი მას უფრო "გაგრიდან" იცნობს.
საათნახევრიანი მომქანცველი წვრთნის შემდეგ ედუარ სეა ჩავესს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- საქართველოში დიდი იმედებითა და გეგმებით ჩამოვედი. ჩემი მიზანია, ბოლომდე გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები.
- პირველი ქართული შთაბეჭდილებები როგორია?
- ქვეყანაც ძალიან მომეწონა, ქალაქიც და გუნდიც. ამას გულწრფელად ვამბობ. ეგ არის მხოლოდ, რომ ხანგრძლივმა მგზავრობამ ცოტა დამღალა.
- რატომ შეაჩერეთ არჩევანი "ზესტაფონზე"?
- გუნდს ევროპის ლიგაზე დიდი გეგმები აქვს. ეს ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს - იმედია, გუნდს სარგებლობას მოვუტან.
ადრე არასოდეს მითამაშია ევროპაში. ვიყავი კოლუმბიის ჭაბუკთა ნაკრების წევრი. მაშინდელი ბევრი ჩემი თანაგუნდელი ევროპაში თამაშობს. მეც მინდა, ძალები ამ კონტინენტზე მოვსინჯო.
- კოლუმბიის 17-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრა იოლი არ იქნებოდა. ის დრო გაიხსენეთ...
- ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ყველა სამხრეთამერიკულ ტურნირზე. კარგი დრო იყო...
- "ზესტაფონში" პირველი ვარჯიში დამღლელი იყო?
- წვრთნა ინტენსიური იყო, მაგრამ საამისოდ მზად ვიყავი. ჩანს, ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს. ასეთი მრავალფეროვანი ვარჯიშები მომწონს.
- ამპლუა?
- ბავშვობიდან ცენტრალური მცველი ვარ...
ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"