ერთდღიანი შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ შეიკრიბნენ და ახალი სეზონისთვის მზადება კლუბის ბაზაზე განაგრძეს.
საინტერესოა, რომ დღეს ზესტაფონელთა ბაზაზე ორი ახალი სახე გამოჩნდა - 24 წლის კომლუმბიელმა მცველმა ედუარ სეა ჩავესმა და 20 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა ჯონ ჯერემიამ იმერელთა რიგებში პირველად ივარჯიშეს. უნდა ითქვას, რომ დღემდე ლათინოამერიკელი საკუთარი ქვეყნის კლუბებში ასპარეზობდა, ხოლო აფრიკელმა ფეხბურთის მოყვარულთ თავი ჯერ საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" წარმატებული ასპარეზობით დაამახსოვრა, შემდეგ კი სომხურ "მიკაშიც" იასპარეზა.
ხვალისთვის გია გეგუჩაძეს ორმხრივი მატჩის გამართვა აქვს დაგეგმილი - საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა სამწვრთნელო შტაბი გუნდს ორ პირობით "კოლექტივად" დაჰყოფს და ერთმანეთს დაუპირისპირებს. ეს "მატჩი" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.