Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.06.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

ფეხბურთთან მიმართებაში სახელმწიფო ჯანსაღ პოზიციაზეა

 

 

 

 

 

 

 

 

ილია კოკაია
 

ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას კლუბების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

"ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიამ განაცხადა, რომ თუ სფფ-ს აღმასკომი გუნდების რაოდენობას 16-მდე გაზრდის, ის საკუთარი კლუბის დაფინანსებას აღარ გააგრძელებს.

საბოლოო პროექტის შესამუშავებლად, პრემიერმა საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებს ვადა პირველ ივლისამდე მისცა.

"ზესტაფონის" მეპატრონე ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. კოკაიას უმაღლეს ლიგასთან დაკავშირებული მოვლენების შესაფასებლად დავუკავშირდით:


- სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სამჯერ გარკვევით იკითხა - რატომ სჯობდა 16-გუნდიანი ჩემპიონატი 12-იანს და გარკვეული პასუხი ვერ მიიღო. ამაზე ფედერაციის არგუმენტია, რომ ეს ფეხბურთის მასობრიობისთვისაა აუცილებელი.

პრემიერი ფეხბურთის სპეციალისტი არ არის, მაგრამ მშვენიერი ლოგიკა აქვს და ბუნებრივი კითხვა დასვა - ელიტარულ ლიგებში ასე არ ხდება, მასობრიობა დაბალ ლიგებში ხომ არ აჯობებსო? ზვიად სიჭინავა მიხვდა, რომ მის იდეას გასაქანი არ ექნებოდა. გარკვევით უთხრეს - წადით, იფიქრეთ, ყველაფერი აწონ-დაწონეთ და 1 ივლისს გამზადებული ვარიანტები წარმოგვიდგინეთო.

- კერძო კლუბები 16-გუნდიან ჩემპიონატს ეწინააღმდეგებით. თქვენც უნდა გქონდეთ არგუმენტები...
- ყველას ჩემს გულწრფელ პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ ტყუილად ცდილობენ, კერძო კლუბები ქართული ფეხბურთის მტრებად წარმოაჩინონ. მითხრან, რასაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთისთვის "დინამო", "ზესტაფონი", "საბურთალო", "ლოკომოტივი", "გაგრა" და, ზოგადად, კერძო კლუბები აკეთებენ, ამდენი სხვას ვის გაუკეთებია და ხელებს ავწევ.

ან რა ვუყოთ უეფას მოთხოვნებს? ულიცენზიოდ კლუბების ლიგაში დაშვება იგივეა, მძღოლი საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე რომ დაჯდეს. ან, არ გაინტერესებთ, რომელი 33 გუნდია 16-გუნდიანი ჩემპიონატის მომხრე?

- უმრავლესობა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლუბია...
- დიახ, ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფოს ინტერესს გამოხატავენ. მაგრამ სახელმწიფოს სპორტულ ინტერესებს ლევან ყიფიანი არ წარმოადგენს? ისიც გაითვალისწინეთ, რომ კლუბის დანიშნულ ხელმძღვანელსა და მინისტრს აბსოლუტურად განსხვავებული პასუხისმგებლობა აკისრიათ.

სიჭინავას მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი ეს ფრაზაც ვერ გავიგე - როცა ხურცილავამ 16-გუნდიან ჩემპიონატზე დაიწყო ლაპარაკი და აჟიოტაჟი ატყდა, ყიფიანმა რატომ არ დაიბარა და არ გააჩერაო? კი, მაგრამ, ყიფიანმა დააიმედა კლუბები, რომ რაოდენობას გაზრდიდა?

მე მთავრობას არ ვიცავ. სადაც საჭირო იყო, კრიტიკულ პოზიციას ადრეც ვაფიქსირებდი და ახლაც არ ვერიდები, მაგრამ ფეხბურთთან მიმართებაში ახლა სახელმწიფო ჯანსაღ პოზიციაზეა და ეს უნდა ითქვას.

- სხვათა შორის, გულშემატკივართა ნაწილი ფიქრობს, რომ კერძო კლუბებს რეგიონებში ფეხბურთის განვითარება არ სურთ, რადგან ასე იქიდან მოთამაშეებს იოლად წამოიყვანთ...
- სხვა რა გზა დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ასეთი ჭორები გაავრცელონ? მაგრამ რაიონებში ხალხი კარგად აზროვნებს და მშვენივრად მიხვდებიან, რომ ჩვენ სწორედაც ქართული ფეხბურთის განვითარება გვსურს და არა - სახელმწიფო ფულით სარგებლობა.

მაინტერესებს, რეგიონებზე თუ ზრუნავენ, "სამტრედიასა" და ბათუმის "დინამოს" პლეი-ოფში თამაშის უფლება რატომ არ მისცეს? ესეც ჩვენი ბრალია? თავად ჰპირდებიან რაღაცებს და მერე ჩვენ გვადანაშაულებენ.

ჩვენ გვინდა, რომ ფეხბურთში დახარჯული მილიონები წყალში არ გადაიყაროს; რომ იყო ხარისხიანი ჩემპიონატი, სადაც სპონსორებს და ინვესტორებს მოვიზიდავთ... ვისაც ეს არ ესმის, ან დემაგოგია, ან აზროვნება უჭირს.

განვითარება და მასობრიობა უმაღლესი ლიგიდან ვერ დაიწყება. ამ ლოგიკით, ყველა კლუბი უმაღლესში უნდა ვათამაშოთ და რას ფიქრობთ, ავყვავდებით? ეს არის აბსურდი!

- ამას არავინ ითხოვს...
- მაგრამ სიჭინავა ამბობს, რომ უმაღლესი ლიგა დღესვე უნდა გახდეს 16-გუნდიანი. მეც ვფიქრობ, რომ ეს მოდელი ყველაზე კომფორტულია, არ იქნება უაზრო დაყოფები, იდეალური კალენდარიც შედგება და კვირიდან კვირამდე გუნდს ნორმალური აღდგენისა და მომზადების საშუალება ექნება. ამაზე მხოლოდ იდიოტი იკამათებს. მაგრამ დღეს ამისთვის ჩვენი ფეხბურთი - კლუბები, მოედნები და სტადიონები მზად არ არის და როგორ ჩავატაროთ?

პრემიერმა ეს ძალიან კარგად გაიგო. მე კი ის ვერ გავიგე, ამის შემდეგ სასწრაფო რეჟიმში პრესკონფერენციის მოწვევა და იქ, ფაქტობრივად, სახელმწიფო კომისიის წინააღმდეგ წასვლა სიჭინავას რაში დასჭირდა? ამით რისი მიღწევა სურს? ხალხი რომ აგვიმხედროს? სახელმწიფომ გული რომ აიცრუოს, ამაზე პასუხისმგებლობას იღებს?

- პრემიერის პოზიცია უკვე ახსენეთ. იქნებ, ცოტა დააკონკრეტოთ...
- მან იკითხა მთავარი: როცა ეს პროექტი დასრულდება, რა შედეგს მივიღებთ, საქართველოში ფეხბურთი განვითარდებაო? მათგან პასუხი ვერ მიიღო. მე რომ კლუბიდან წავიდე, ზესტაფონსა და თბილისში სტადიონსა და ორ ბაზას მაინც დავტოვებ.

მაინტერესებს, სახელმწიფომ ფეხბურთის დახმარებაზე რომ უარი თქვას, მის მიერ დახარჯული ფულიდან ქვეყანას რა დარჩება? ახლახან არ იყო, სახელმწიფო დაფინანსებიდან 2,4 მილიონი ლარი უმაღლესი ლიგის კლუბებს რომ დაგვირიგეს? ამით მოედნები გაკეთდა თუ საქართველოს რამე შეემატა? ის 30 მილიონიც ასე დაიკარგება, თუ მის აზრიან გამოყენებაზე არ ვიფიქრებთ.

ახლა კი ზოგს თანხები, ჟარგონზე რომ ვთქვათ - ჯიგრულად უნდათ, რა! მაგრამ იმას არ ფიქრობენ, რომ ამ "ჯიგრობით" ხალხს ფეხბურთისკენ გახედვაც არ უნდა. ერთხელაც იქნება და, სახელმწიფო მოხელეები იტყვიან - ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია და ფეხბურთში ფული რატომ გადავყაროთო? ამით ფეხბურთი საბოლოოდ დასამარდება.

ჩვენი უცნაური და გაუაზრებელი საქციელით სწორედ ასეთი შედეგისკენ მივდივართ და ამიტომ ვარ 16-გუნდიანი ჩემპიონატის წინააღმდეგი, თორემ პიროვნულად არავის ვერჩი.

- ჩემპიონატი 16-გუნდიანი თუ იქნება, "ზესტაფონს" აღარ დავაფინანსებო, ასე თქვით?
- ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ. სპორტის განვითარების წინაპირობა არის ხარისხიანი ლიგები, გუნდები და, რაც მთავარია, სპორტული პრინციპის დანერგვა. თუ ეს არ იმოქმედებს, მაშინ მთელი წელი რისთვის ვიბრძვით და ვომობთ?! ყველაფერს ხომ აზრი ეკარგება?!

ჰოდა, მეც აღარ მაწყობს ამ მარაზმში ფულის გადახდა, რადგან ფეხბურთი მთელ მსოფლიოში რითიც არის მიმზიდველი, ეს ყველაფერი საქართველოში არ მოქმედებს. მას კი, ვისაც ეს უნდა ადარდებდეს, არ აქვს იმის სურვილი, რომ ფეხბურთი საქართველოშიც იყოს მიმზიდველი.

იბეჭდება მცირე ცვლილებით

მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014