Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.06.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი: "ზესტაფონში" ყველაფერი თავიდან უნდა დავამტკიცო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი
 

ჯაბა დვალი "ზესტაფონის" ფეხბურთელია. კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

29 წლის დვალი იმ გუნდის ლიდერთაგანი იყო, საქართველოში ორჯერ რომ იჩემპიონა და თავი არც ევროასპარეზზე შეურცხვენია. ზესტაფონელი ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ მის დაბრუნებას...

თავის დროზე, დვალი იმერული კლუბიდან "დინამოში" გადავიდა, იქედან კი "ყარაბაღს" მიაშურა, თუმცა მისი აზერბაიჯანული კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა.

9 ივნისს კი ის ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შევიდა...


- "ზესტაფონთან კონტრაქტი გავაფორმე, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს". ამ გუნდთან ერთად ბევრს მივაღწიე, - გვითხრა დვალმა საუბრის დასაწყისში.

- ბევრი ფეხბურთელი ერიდება ყოფილ კლუბში დაბრუნებას. თქვენი მოტივაცია რა იყო ამ შემთხვევაში?
- ხალხის უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი ფეხის ყოველ ნაბიჯზე - მას შემდეგაც კი, რაც გუნდი დავტოვე. ორ წელიწადზე მეტი ვითამაშე "ზესტაფონში". არ შემეძლო, ამ ხალხისთვის ზურგი მექცია.

ერთიცაა - წარსული დამსახურებებით სიამაყეს ნამდვილად არ ვგრძნობ, ყველაფერი თავიდან უნდა დავამტკიცო. რა იყო ადრე, ეს არც მე მაინტერესებს და არც ქომაგს. რაც ვერ გავაკეთეთ მაშინ, ახლა უნდა შევძლოთ. ვგულისხმობ ევროპული ტურნირის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებას.

ეს არის ჩემი ოცნება, ჩვენი ქომაგების ოცნება... "შტურმის" ბარიერი რომ გადაგველახა, ეს ჩანაფიქრი რეალობად იქცეოდა, მაგრამ...

- კონტრაქტი რა ხანგრძლივობისაა?
- ხელშეკრულება 1+1 სისტემით გავაფორმეთ.

- თქვენი დროის "ზესტაფონიდან" გუნდში ბევრი ფეხბურთელი აღარ დარჩა. ახლებთან შეწყობა ხომ არ გაგიჭირდებათ?
- არანაირად. იმ გუნდიდან კიდევ არიან ბიჭები, ახლებსაც ვიცნობ... "ზესტაფონს" დიდი მიზნები აქვს და ასეთი მიდგომა - "ვერ შევეწყობი", არ გამოვა. მინდორზეც და მის გარეთაც ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ.

- ცხადია, "ზესტაფონში" თქვენი გადასვლა გია გეგუჩაძის ფაქტორმაც განაპირობა...
- გეგუჩაძე რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ამას თქმა რად უნდა? მან ყველაზე კარგად იცის ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მენდობა და ეს ფეხბურთელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- შესაძლოა, "ზესტაფონს" ბოლო წლებში თქვენი მუდმივი მეწყვილე ნიკოლოზ გელაშვილიც დაუბრუნდეს. ეს, ალბათ, ძალიან გაგახარებთ...
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე და ნიკა სულ ერთად ვთამაშობთ. მისი დაბრუნება "ზესტაფონში" მხოლოდ გამახარებს. როგორც ვიცი, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, შესაძლოა, ასეც მოხდეს.

გელაშვილი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მიმაჩნია.

- "ყარაბაღს" გვერდს ვერ ავუვლით. მართალია, გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, მაგრამ მხოლოდ ხუთი და ისიც უგოლო მატჩი ჩაატარეთ. რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?
- არც მე მინდა, რომ ამ თემას გვერდი ავუაროთ. "ყარაბაღიც" ჩემი კარიერის ნაწილია. თავს პროფესიონალად მივიჩნევ და ვთვლი, რომ სიხარულთან ერთად, ფეხბურთელმა იმედგაცრუებაც უნდა გადაიტანოს. გეტყვით, რა და როგორ იყო.

გუნდში რომ მივედი, "ყარაბაღი" დასკვნით, ერთთვიან შეკრებას ამთავრებდა. ასეთ დროს, ძალიან რთულია ახალ გუნდთან ადაპტაცია - მე ხომ შეკრება არ გამივლია. არც არაფერი დამიმალავს, გულახდილად ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელობას, არ ვარ ფორმაში-მეთქი.

საბოლოოდ, ვერ ვითამაშე ისე, როგორც მინდოდა და რასაც ხალხი ელოდა. ამის მიუხედავად, სეზონი ჩემთვისაც კარგად დასრულდა - ჩემპიონები გავხდით. სულ 5 მატჩი კი ვითამაშე, მაგრამ რაც შემეძლო, თავი არ დამიზოგავს. მწვრთნელისაც მესმოდა. საჩემპიონო რბოლა მიდიოდა და აწყობილ შემადგენლობას არ ცვლიდა.

- თქვენთვის უცხო არ არის ქართული გოლები და ჩვენი ჩემპიონატის ბომბარდირობა. რამდენ გოლს გეგმავთ მომავალ სეზონში?
- რაც შეიძლება, მეტი მინდა გავიტანო. 20 გოლი მქონდა გატანილი, ბომბარდირი რომ გავხდი და კიდევ მეტი მსურდა. მთავარი გუნდის წარმატებაა, მერე - ჩემი გოლები.

 

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014