01.06.2014
ინტერვიუ „ზესტაფონის“ გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილთან
რამდენიმე დღის წინ გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილთან. საუბარი შეეხო ქართულ ფეხბურთში სადღეისოდ შექმნილ რთულ ვითარებას, კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზებს, სამთავრობო კომისიის ამოქმედებასთან დაკავშირებით გაჩენილ იმედებსა და სხვა საჭირბოროტო საკითხებს...
- როგორც ცნობილია, “ვისოლმა“ უარი თქვა ქუთაისის „ტორპედოს“ დაფინანსებაზე. თქვენი აზრით, მათი ეს გადაწყვეტილება ქართულ სპორტს დააზარალებს?
- რა თქმა უნდა, დააზარალებს. “ვისოლი“ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი იყო ქართულ ფეხბურთში. “ტორპედო“ კარგი და ძლიერი გუნდი იყო. როგორც ვიცი, გარკვეული პროექტებიც ჰქონდათ. სამწუხაროა, რომ კომპანია გავიდა ფეხბურთიდან და აღარ აფინანსებს “ტორპედოს“, რაც პირდაპირი დარტყმაა ისეთი გუნდებისთვის, როგორიცაა „ზესტაფონი“ და თბილისის „დინამო“. ამ გუნდებს მსხვილი, კერძო ინვესტორები კი ჰყავთ, თუმცა კონკურენციის ხარისხისათვის ეს ფაქტი ძალიან ცუდია.
- ზოგადად, ბიზნესის ინტერესი რა უნდა იყოს სპორტის დაფინანსებისას?
- ის ადამიანები, რომლებიც ფულს დებენ ფეხბურთში, ძალიან უანგაროები არიან. დღესდღეობით მათ არავითარი მოგება არა აქვთ. შესაბამისად, სახელმწიფომაც გარკვეული შეღავათები უნდა გააკეთოს.
- საგადასახადო შეღავათებს გულისხმობთ?
- მთავრობამ ამ ბიზნესმენებთან ერთად უნდა გაიაროს პრობლემური საკითხები და რაღაცზე უნდა შეთანხმდნენ. მაგალითად, წყალში ჩვენ იგივე გადასახადებს ვიხდით, რასაც რომელიღაც რესტორანი. ჩვენ ამაში არავითარი მოგება არა გვაქვს, ჯამში კი ხარჯები ძალიან დიდ თანხამდე ადის. ქართულ ფეხბურთში ძალიან ძნელია ბიზნესმენი მოიზიდო, იმიტომ რომ ეს დარგი ყოველთვის მინუსშია. სახელმწიფომ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ინვესტორებმა ამ სფეროში ფული ჩადონ. ისინი არ უნდა გა ფერბოდნენ ხბურთიდან.
- ამ კუთხით როგორია საერთაშორისო გამოცდილება, საზღვარგარეთ ბიზნესმენებს სახელმწიფოსგან შეღავათები აქვთ?
- ჩვენთვის მისაღები იქნება თურქეთის მაგალითი, სადაც ფეხბურთი ერთ დროს ძალიან დაბალ დონეზე იყო. ამ ქვეყანაში სახელმწიფოს ნება იყო, ნება იმისა, რომ ფეხბურთში სიტუაცია გამოსწორებულიყო. ამ ქვეყანამ ფეხბურთში დიდი თანხები ჩადო, ააშენა ბაზები, სტადიონები, ისინი ყველაფერ ამას აფინანსებდნენ. ამის შემდეგ სახელმწიფომ კერძო ინვესტორებს უთხრა, რომ ის კვლავაც შეინახავდა ინფრასტრუქტურას, სპონსორებს კი სახელფასო ფონდი უნდა შეექმნათ. დღეს თურქეთი რა დონეზეა, ამას ყველა ხედავს. ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. საბედნიეროდ, დღესდღეობით ამ საკითხში ძალიან აქტიურად არიან ჩართული პრემიერ-მინისტრი, სპორტის მინისტრი და სხვა უწყებათა ხელმძღვანელები. მთავრობა ძალიან მოწადინებულია, რომ ფეხბურთი განვითარდეს.
- საქართველოში რომ სპორტი ბიზნესად იქცეს, ამის წინაპირობებს ხედავთ?
- ჯერჯერობით რთულია ამაზე საუბარი. კლუბების წარმომადგენლები შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და დავწერეთ პროექტი. ამ პროექტში ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ის, რომ ფეხბურთი, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბიზნესად უნდა გვექცია. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი დახმარება, ჩემპიონატის ლამაზად შეფუთვა და ასე შემდეგ...
- დღეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ ისევ ილია კოკაია აფინანსებს?
- დიახ, აფინანსებს.
- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბების შენახვას ბიზნესმენებს აძალებდა. ხომ არ აპირებს ბატონი ილია კოკაია კლუბის დაფინანსებაზე უარის თქმას?
- ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ერთი პერიოდი ძალიან გაურკვეველი სიტუაცია იყო, ბატონი ილია გადადგა პრეზიდენტობიდან. ის ელოდება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს კი ის აქტიურად არის ჩართული სამთავრობო კომისიის მუშაობაში და ელოდება მთავრობის გადაწყვეტილებებს. თუ მთავრობის ნება იქნება, რომ ქართულ ფეხბურთში თანხები ჩაიდოს და ეს სფერო განვითარდეს, რა თქმა უნდა, ბატონი ილია დაეხმარება, გააორმაგებს და გაასამმაგებს დაფინანსებას. მაგრამ თუ იქნება ისეთი დამოკიდებულება, რომ ფეხბურთი არავის არ დააინტერესებს და ისევ ისე იქნება, როგორც იყო აქამდე, მაშინ ყველა ნორმალური ადამიანი დაფიქრდება იმაზე, ღირს თუ არა ყველაფრის ამის გაგრძელება.
იბეჭდება მცირე ცვლილებებით |