25.05.2014
ზესტაფონელები სეზონის ნომინანტთა შორის
მოვიდა დრო, შევაჯამოთ სეზონი და "ლელოს" ვერსიით XXV ჩემპიონატის ნომინანტები წარმოგიდგინოთ.
რა თქმა უნდა, მსგავს შეფასებას, როგორც წესი, აზრთა სხვადასხვაობა მოსდევს ხოლმე და გამონაკლისი, ალბათ, არც ქვემოთ მოყვანილი ნომინანტთა სია იქნება.
უმრავლეს შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, იმის მიხედვით ვიხელმძღვანელეთ, თუ რამდენჯერ მოხვდა ესა თუ ის ფეხბურთელი "ტურის სიმბოლურ ნაკრებში". თუმცა, ამას გარდა, სხვა კრიტერიუმებსაც მივანიჭეთ უპირატესობა: კერძოდ, პრიორიტეტულად მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე ჩატარებული მატჩები მივიჩნიეთ...
სასიამოვნოა, რომ "ლელოს" რჩეულთა შორის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლები ფიგურირებენ.
საუკეთესო მცველი - რენე ფერეირა დოს სანტოსი ("ზესტაფონი")
"ამ ბოლო წლებში ჩვენთან რომელი ქვეყნიდან აღარ ჩამოსულან ლეგიონერები, თუმცა ბევრი ისეთი შემთხვევაც გვახსოვს, როცა ზოგიერთი უცხოელი ფეხბურთელი ქართველ კოლეგებს ვერაფრით სჯობდა.
რა თქმა უნდა, სასიამოვნო გამონაკლისიც მრავლად იყო (ნედ ზელიჩი, მილოშ კრშკო, დიდიე ოვონო, ჟილვან ვიეირა, ანდერსონ აკინო, ალექს ფრაგა, პოლ კესანი, მიკელ ალვარო, ჩისკო და სხვები) და ამათ რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ "ზესტაფონის" ბრაზილიელი ახალწვეული რენე ფერეირა.
ამ უკანასკნელმა ჩემპიონატის სასტარტო ტურში საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა; აი, ამის შემდეგ კი დაცვის ცენტრში გაამწესეს და 22 წლის ფეხბურთელმაც, ფაქტობრივად, მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა".
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელთა ბრაზილიელი მცველი "საუკეთესო ლეგიონერის" ნომინაციაში გამარჯვების მოპოვების კანდიდატთა შორის გახლდათ და საბოლოოდ, დინამოელი ჩისკოს შემდეგ, მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა.
საუკეთესო ნახევარმცველი - გრიგოლ დოლიძე ("ზესტაფონი")
"შარშან ზაფხულში, გორის "დილა" რომ ერთიმეორეზე სასიამოვნო სიურპრიზებს გვთავაზობდა ევროტურნირებზე, გორელთა გუნდის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გრიგოლ დოლიძე გახლდათ, რომელიც, ფაქტობრივად, ფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობდა.
ჰო, სეზონის მართლაც ჩინებული დასაწყისი ჰქონდა ამ რეაქტიულ გარემარბს, ეფექტური გოლებითაც რომ გვანებივრებდა; თუმცა მერე ტრავმა მიიღო, შემდეგ კი გუნდის გამოცვლა მოუწია და სწორედ ახალ გუნდში მისულმა და ძველი მწვრთნელის (გია გეგუჩაძე) ხელმძღვანელობით, ისევ "აკრიფა" ოპტიმალური ფორმა და "ზესტაფონის" წარმატებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელიც გახლდათ.
შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, გოლები ნაკლები კი გაჰქონდა, მაგრამ 31 წლის მარჯვენა გარემარბის ათეულობით (!) საგოლე პასისა და, საერთოდ, ზეაქტიური თამაშის წყალობით, "ზესტაფონმა" ჩემპიონატის მეორე ეტაპს გარკვეული ინტრიგაც შესძინა".
დიმიტრი ტატანაშვილისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის აღიარება
აქვე უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ჩვენი კლუბის კიდევ ორ ფეხბურთელს, დიმიტრი ტატანაშვილსა და ვახტანგ ჭანტურიშვილს "სეზონის საუკეთესო თავდამსხმელისა" და "სეზონის აღმოჩენის" ნომინაციებში გამარჯვებამდე სულ მცირედი დააკლდათ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ორივე წარმომადგენელმა გამოკითხვა საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა - დიმიტრი ტატანაშვილს დინამოელმა ოთარ მარცვალაძემ გაასწრო, ხოლო ვახტანგ ჭანტურიშვილს - ასევე "დინამოს" წარმომადგენელმა გიორგი გველესიანმა.
|
ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსია. გამოყენებულია ფოტო საიტიდან www.sportall.ambebi.ge
|
|