Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.05.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ვერცხლის მედლებით დამშვენებული სეზონის დასასრული

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 17 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი, რიგით ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” პირველობის მესამე პრიზიორს, ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლა...

 

XXV ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს “ზესტაფონს” და ბოლნისის “სიონს” შორის სატურნირო ცხრილში არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა გასულ ტურში საჩხერის “ჩიხურასთან” მოპოვებული გამარჯვების წყალობით გაინაღდეს მეორე ადგილი და ევროპის ლიგაზე გამოსვლის საშუალება. რაც შეეხება ქვემოქართლელებს, მათ თავის მხრივ მესამე ადგილი დაიკავეს და ეს შედეგი ბოლნისელებს პოზიტივში უნდა ჩაეთვალოთ.

 

სეზონის დასაწყისში იმერული კლუბის ყველაზე ოპტიმისტ ქომაგსაც კი გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ მათი საყვარელი გუნდი წლევანდელ ჩემპიონატში მეორე ადგილს დამაჯერებლად დაიკავებდა. უფრო მეტიც, “ზესტაფონს” ჩემპიონობის შანსებიც გაუჩნდა რამდენიმე ტურის წინ, მაგრამ პირველ ეტაპზე დაკარგულმა ქულებმა, “დინამოსთან” ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მეტ-ნაკლებად ტოლ-სწორად ჩაბმის საშუალება ფეროელებს არ მისცა. არადა, მიმდინარე ჩემპიონატის მსვლელობისას, იყო დრო როცა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იყო გუნდის ზედა ექვსეულში მოხვედრის საკითხი. ზესტაფონელთათვის ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. მას შემდეგ იმერლებმა თამაშის ხარისხიც და სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გამოისწორეს. უფრო მეტიც, რომ არა მართლაც დასანანი ქულების დაკარგვა, წლეულს ქვეყნის ჩემპიონის ბედი ასე იოლად ნაღდად არ გადაწყდებოდა.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით, თუმცა უგოლოდ დასრულდა. გატანის შანსი ფეროელებს რამდენიმეჯერ ჰქონდათ. დოლიძეს, გეწაძეს, საბანაძეს და ორჯერ ტატანაშვილს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ დასავლელთა შემტევებს გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე ღალატობდათ. მათგან ყველაზე რეალური მომენტი მაინც დიმიტრი ტატანაშვილს ჰქონდა, როდესაც მიმდინარე პირველობის ერთ-ერთი ბომბარდირი, დოლიძის ჩაწოდებულზე ახლო მანძილიდან ურტყამდა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ ყველაზე სახიფათო სიტუაცია სტანდარტულიდან შეექმნათ, როდესაც ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთზე არასწორად გამოვიდა პავლოვიჩი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელს დაჯახა და წაიქცა. ზესტაფონელთა იღბლად ბურთი მცირე მანძილით გადაცდა ხარიხას.

 

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი არ შეცვლილა. ზესტაფონელები ისევ ფლობდნენ დიდ სათამაშო უპირატესობას. მასპინძელთა იერიშები კიდევ უფრო მძაფრი გახდა, როდესაც მოედანზე ჭანკოტაძე გამოვიდა, რომელმაც ზედზედ ორჯერ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა. პირველ შემთხვევაში გიორგის მცდელობას სიზუსტე დააკლდა, ხოლო მეორედ ბურთის კუთხურზე გადაგდება ბოლნისელთა კიპერმა ვლადიმერ ზუხბაიამ მოახერხა. ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ ტატანაშვილი ურტყამდა თავით, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბურთი ხარიხას მცირედით გადაცდა.

 

თამაშის ტემპი თანდათანობით დაეცა და სახიფათო მომენტებიც ნაკლებად იქმნებოდა. მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მოწინააღმდეგის საჯარიმოში უხეშობისათვის არბიტრმა, თორნიკე გვანცელაძემ მოედნიდან ჯაბა უგულავა გააძევა. საკუთარი ქომაგებისაგან გამხნევებულმა მასპინძლებმა შეტევები ისევ გაახშირეს მეტოქის კართან.  ჭელიძის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით შანსი ისევ ტატანაშვილს ჰქონდა, მაგრამ ბურთი ამჯერადაც მცირე მანძილით ასცდა “სიონის” კარს. არბიტრის მიერ დამატებულ დროში მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კართან შტურმის მოწყობა ცადეს. ერთხელ გატანაც შეეძლოთ, როდესაც ჭელიძე ურტყამდა თავით, მაგრამ ზესტაფონელთა მცველის მცდელობასაც სიზუსტე დააკლდა. საბოლოოდ კი, მოლოდინის საწინააღმდეგოდ მატჩი “მშრალად”, უგოლოდ დასრულდა.  

 

მატჩის დასრულების შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წევრები ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.  

 

www.worldsport.ge

 

17.05.2014. ”ზესტაფონი” - ”სიონი” (ბოლნისი) 0-0

დაწვრილებით:

 

 

გამოყენებულია ლევან ბაქრაძისა და დავით ჩაფიჩაძის ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014