Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.05.2014

 

 

 

 

 

 

 

 

სეზონის ფინიშის სწორზე

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დასასრულს მიახლოვებული ქვეყნის პირველობის ბოლო მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 17 მაისს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლებენ.

 

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონისა" და "სიონის" ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 28 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა - 16 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 33:11.

 

უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. "სიონმა" იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

 

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელებს შორის 17 მაისს გასამართი დაპირისპირება, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მარგველთა ვერხლის მედლებით დაჯილდოვება. ხვალინდელი შეხვედრის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდზე გადაიცემა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014