საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 11 მაისს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდას სტადიონზეესტუმრებიან.
მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 9 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა - 4 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 11:7.
გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ "ჩიხურას" ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება "ჩიხურას" ფეხბურთელებმა მოიპოვეს - 1-0.
საჩხერის "ჩიხურას" და "ზესტაფონს" შორის 11 მაისს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის, 17:00 საათზე დაიწყება.