09.05.2014
ინტერვიუ ნიკა საბანაძესთან
|
|
ნიკა საბანაძე მედიის იშვიათი სტუმარია. არ ამპარტავნობს, უბრალოდ, "ზესტაფონის" თავდამსხმელს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია.
არადა, მიმდინარე სეზონში, 23 წლის ფეხბურთელი ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა. მას თბილისის "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ ველაპარაკეთ. საბანაძემ "ზესტაფონის" მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა - გოლიც გაიტანა და აქტიურობითაც გამოირჩეოდა.
"სხვათა შორის, აქამდე "დინამოს" კარში გატანილი არ მქონდა. გარდა ამისა, მეორე ადგილის დაბრუნებაც გვსურდა.
მოტივირებულები იმითაც ვიყავით, რომ "დინამოს" ჩემპიონობა აქედან არ წაეღო. ფრე არ გვაწყობდა, მხოლოდ მოგება გვსურდა და მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ", - ამბობს საბანაძე.
...როცა ქუთაისის "ტორპედო" კომპანია "ვისოლმა" მიატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბანაძით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული. ასეთი ლაპარაკი მანამდეც ისმოდა, მაგრამ მერე ამტკიცებდნენ, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა.
"საერთოდ, არა მხოლოდ "დინამოსთან", ყველა სხვა შეხვედრაშიც ვცდილობ დავამტკიცო, რომ რაღაც შემიძლია. "დინამოსთან" კი მართლაც იყო ლაპარაკი და მერე ასეთი კომენტარი რომ მოვისმინე, გამიკვირდა.
თუმცა "დინამოსთან" შეხვედრაში სხვაგვარი სტიმული გამიჩნდა და მას შემდეგ ვცდილობ, სეზონში საუკეთესო შეხვედრა სწორედ ამ გუნდთან ჩავატარო", - არ მალავს ახალგაზრდა თავდამსხმელი.
საბანაძე "ზესტაფონში" წლეულს გია გეგუჩაძემ გადაიყვანა, რომელიც მას ქუთაისის "ტორპედოდან" იცნობდა და ენდობოდა. თუმცა ქუთაისურ კლუბში მისი შემცვლელი ესპანელი სპეციალისტი - ჟერარდ სარაგოსა მულეტი თავდამსხმელზე სულ სხვა აზრის იყო.
ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურში, მცხეთაში "ზუგდიდთან" წაგების (1:2) შემდეგ, ქუთაისელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კითხვაზე, რატომ არ იყო "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი საბანაძე 18-კაციან განაცხადში, უცნაური პასუხი გასცა - საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდაო.
მაშინ კლუბის ხელმძღვანელობამ ვითარება არ გაამწვავა და ახალგაზრდა თავდამსხმელის უთამაშებლობის მიზეზზე თქვეს - საზარდული აწუხებდაო. საბანაძემ ეს პერიოდი გაიხსენა: "ესპანელი მწვრთნელი თავისებური კაცი იყო. იმ დროს ფეხი მართლა მაწუხებდა და ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხყოფა იყო... ფეხბურთის სიყვარულს ვერავინ დამაძალებს, თამაში თავად რომ არ მსურდეს... არ დავმალავ, ბოლოს უთანხმოება გვქონდა, მაგრამ ამის გახსენება აღარ მინდა...".
როგორც ცნობილია, საბანაძით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც იყო დაინტერესებული:
"სამწუხაროდ, ქეცბაია რომ დაინტერესდა, სწორედ მაშინ დავშავდი და ნაკრების შეკრებაზე ვერ წავედი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ, პირიქით, იღბალი ყოველთვის ჩემკენ არის.
ახლა ნაკრების მწვრთნელთა დაინტერესებაზე არაფერი მსმენია. თუმცა, როგორც ყველა ფეხბურთელის, ჩემი მიზანიც ეს არის - საკუთარი ქვეყნის ნაკრებში მოხვედრა, რაც დიდი ბედნიერებაა, მით უფრო, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დავიმსახურო".
საბანაძეს "ზესტაფონის" ამბიციებზეც ველაპარაკეთ:
"როცა გია გეგუჩაძემ ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულებული იყო და ამის გამო პირველი ადგილისთვის ბრძოლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ გუნდი ზედა ექვსეულშიც ბოლო მომენტში მოხვდა. ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება გახდა.
მომავალ სეზონში კი ჩემპიონობისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ - ამაში პირობებიც ხელს გვიწყობს, მწვრთნელიც და შემადგენლობაც".
ახლა დიდი კამათია იმაზე, თუ რამდენგუნდიანი ჩემპიონატი სჯობს, მაგრამ ამ პოლემიკაში ფეხბურთელების ხმა თითქმის არ ისმის. ვფიქრობთ, მოთამაშეთა აზრიც საინტერესოა. აი, რას ამბობს საბანაძე:
"რა გითხრათ... ფაქტია, რომ სტადიონები ბევრ ქალაქში არ არის ან მოთხოვნებს ვერ პასუხობს. წლეულს რამდენი გუნდი ატარებდა საშინაო შეხვედრებს სხვის სტადიონზე? ამიტომ, ჩემი აზრით, უკეთესია 12-გუნდიანი ჩემპიონატი.
ცოტა, მაგრამ შედარებით ძლიერი გუნდები გვეყოლება და მიმაჩნია, რომ მაყურებლისთვის ასეთი ჩემპიონატი უფრო მიმზიდველი იქნება".
|
|