2014 წლის 7 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის მატჩები. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი ”გურია” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ. მატჩი დასრულდა სტუმართა გამარჯვებით დიდი ანგარიშით 5-0.
განსხვავებული მიზნებით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. ,,გურიას” მდგომარეობა ყველას კარგად მოეხსენება და ახალს ვერაფერს დავამატებთ. გუნდი პრაქტიკულად ინერციით ასრულებს მიმდინარე გათამაშებას. რაც შეეხებათ ზესტაფონლებს, მათ ჩემპიონობის თეორიული შანსი ჯერაც გააჩნიათ, მაგრამ წაფორხილების შემთხვევაში შეიძლებოდა მეორე ადგილიც დაეკარგათ, ამიტომ იმერლები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ აღნიშნულ შეხვედრას და მატჩის გამარჯვებულის ვინაობა სათუოდ ერთი წუთითაც არ გაუხდიათ.
შეხვედრა თავიდანვე ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა მე-8 წუთზე შექმნეს. კაპანაძის შორეულ ძელთან დამიზნებით გასროლა ოდნავ ასცდა მიზანს. მე-16 წუთზე ისევ კაპანაძე ურტყამდა ვარდნაში ეფექტურად. ,,გურია” ამჯერადაც გადაურჩა გოლს, თუმცა 3 წუთში ფეროელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს.
მე-19 წუთზე ღონღაძემ ფლანგური გარღვევის შემდეგ ბურთი შორეულ ძელთან მდგარ საბანაძეს გადაუმისამართა. სტუმართა ფორვარდმა კაპიტანს ამაგი დაუფასა და თავური დარტყმით გურულთა ახალბედა გოლკიპერს ახლო კუთხეში გაუტანა – 0:1.
ზესტაფონელთა მომდევნო გოლი ასევე ფლანგურ გადაცემას მოჰყვა. დოლიძის გამოზომილ პასს გეწაძემ საჯარიმოს შუა ხაზიდან ზუსტი დარტყმა მოაყოლა და მასპინძელთა კარის ბადე მეორედ შეარხია – 0:2.
ტაიმის ბოლომდე საბანაძესა და კაპანაძეს კიდევ ორჯერ ჰქონდათ თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ მათ მცდელობას წინ ახალგაზრდა ხვედელიძე აღუდგა.
კაპანაძემ ,,თავისი” გოლი შეხვედრის განახლებისთანავე გაიტანა. ასისტენტობა ამჯერადაც დოლიძემ გასწია. მისი განივი გადაცემის შემდეგ სტუმართა ფორვარდი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 0:3.
ზესტაფონლებმა მეოთხედ სტანდარტული სიტუაციიდან იხეირეს. საჯარიმოს კუთხიდან გეწაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა უზადო გამოდგა. ხვედელიძემ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა – 0:4.
მე-80 წუთზე სტუმრებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. მისი წამომწყები მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო, დოლიძე გახლდათ. მან ამჯერადაც მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და განივი გადაცემით ახლადშემოსული კუხიანიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გეწაძეს შეაყოლა. რეზომ თანაგუნდელების დაწყებული საქმე ჩინებულად გააგრძელა და ზუსტი დარტყმით ჰეთ-თრიკი შეასრულა – 0:5.
მატჩის ბოლოს თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულ ტატანაშვილსაც მართებდა, როცა თანაგუნდელებმა იგი გურულთა გოლკიპერს პირისპირ შეატოვეს, მაგრამ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 11 მაისს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩში ზესტაფონელები საჩხერის ”ჩიხურას” სოფელ ივანწმინდაში ესტუმრებიან.