გასულ შაბათს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე პირველობის ოცდამეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა - საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის ”დინამოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
თბილისელთა დამარცხების შედეგად მასპინძლებმა პრიზიორთა სამეულში ადგილი საბოლოოდ დაიმკვიდრეს. თავად შეხვედრამ ქართული და უცხოური სპორტული გამოცემების მხრიდან საკმაო ინტერესი გამოიწვია. ზესტაფონში შემდგარმა საფეხბურთო სანახაობამ მედიის მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო": "გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ "ზესტაფონსა" და "დინამოს" შორის ამ უქმეებზე გამართული შეხვედრა ქართული ფეხბურთის რეკლამა იყო!
ასეთი სანახაობრივი, ემოციებით დატვირთული და შესანიშნავი ეპიზოდებით გაჯერებული მატჩები ჩვენი გულშემატკივრებისთვის სანატრელი გახდა და ორივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პესიმისტურად განწყობილ ქომაგსაც იმედი ჩაუსახეს, იმედი იმისა, რომ ქართული ფეხბურთი "სუნთქვას" აგრძელებს და ჩვენთანაც შესაძლებელია ისეთი მატჩების ხილვა, როგორიც შაბათს "დავით აბაშიძეზე" გაიმართა...
... თამაშის ხარისხისა და ფეხბურთელების კლასის დემონსტრირების მხრივაც იგრძნობოდა, რომ მოედანზე ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი ირჯებოდა. "
Geosports.ge: "ზესტაფონმა" მიმდინარე გათამაშების ლიდერს უმასპინძლა. შეხვედრამ ცენტრალური მატჩის სტატუსი გაამართლა. "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი იხილა...
სამწუხაროდ, ისეთი მატჩის ტელერეპორტაჟი, რომელიც შეიძლება თამამად მივიჩნიოთ მიმდინარე გათამაშების ყველაზე გამორჩეულ თამაშად, არ განხორციელებულა..."
www.fanebi.com: "ზესტაფონში "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოს" შორის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მშვენება გახდა. ზესტაფონელებმა "დინამოს" ჩემპიონობის გაფორმების საშუალება საკუთარ მოედანზე არ მისცეს."
www.worldsport.ge: "ტურის ცენტრალური შეხვედრა ზესტაფონში შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტს, თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. ამ გუნდების პაექრობას ინტერესი და ყურადღება არასდროს აკლდა. ასე გახლდათ ამჯერადაც, “დავით აბაშიძეზე” მრავლად იყვნენ ორივე გუნდის ქომაგები, რომლებიც ენერგიულად გულშემატკივრობდნენ საყვარელ საფეხბურთო კოლექტივებს, რომლებმაც სტადიონზე შეკრებილებს მართლაც საუცხოო სანახაობა შემოგვთავაზეს...
...არბიტრის ოთარ ხეცაძის საფინალო სასტვენმა “ზესტაფონის” გამარჯვება და საინტერესო პაექრობის დასასრული გვამცნო, რასაც “დავით აბაშიძეზე” ხანგრძლივი, დამსახურებული ოვაციები მოჰყვა, რომლის ადრესატები საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წევრები იყვნენ."
www.uefa.com: "უახლოეს მდევარ "ზესტაფონთან" დამარცხების გამო თბილისის "დინამომ" დაკარგა შანსი ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა ეზეიმა."