მიმდინარე წლის 3 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ზესტაფონში შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტს, თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. ამ გუნდების პაექრობას ინტერესი და ყურადღება არასდროს აკლდა. ასე გახლდათ ამჯერადაც, “დავით აბაშიძეზე” მრავლად იყვნენ ორივე გუნდის ქომაგები, რომლებიც ენერგიულად გულშემატკივრობდნენ საყვარელ საფეხბურთო კოლექტივებს, რომლებმაც სტადიონზე შეკრებილებს მართლაც საუცხოო სანახაობა შემოგვთავაზეს.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ორივე გუნდისათვის მატჩს მეტად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში თბილისელები ოფიციალურად იზეიმებდნენ ჩემპიონობას, ხოლო მასპინძლები წარმატების შემთხვევაში კვლავ მეორე ადგილზე გადაინაცვლებდნენ. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებდა შეხვედრას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თამაშს ვერ ესწრებოდა ზესტაფონელთა დამრიგებელი გია გეგუჩაძე, რომელსაც მამა ჰყავს გარდაცვლილი.
თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გია გეგუჩაძის მამისა და ზესტაფონის საფეხბურთო კლუბ “მარგვეთის” პირველი პრეზიდენტის თამაზ შარაშენიძის ხსოვნას. მატჩის დასაწყისში მცირე ხნით კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რამაც თავდაპირველად ფეხბურთელებს მოედანზე ადაპტირება გაუძნელა და ისინი ხშირად ეცემოდნენ სველ მინდორზე. თუმცა წვიმა დიდხანს არ გაგრძელებულა და ფეხბურთელებსაც ნორმალურ პირობებში მოუწიათ ასპარეზობა...
სადებიუტო წუთებში მოწინააღმდეგეებმა შორიდან დარტყმებით მოსინჯეს ძალა. თბილისელთაგან საჯარიმოს გარედან მარცვალაძემ და ჩისკომ დაარტყეს, ხოლო ზესტაფონელთაგან ჭანტურიშვილმა. სამივე შემთხვევაში დარტყმა არაზუსტი გამოვიდა. მე-14 წუთზე დინამოელთა სწრაფი გადასვლა მოწინააღმდეგის მოედანზე გატანილი გოლით დასრულდა. ფეროელთა საჯარიმოს სიახლოვეს მარცვალაძემ ბურთი კვირკველიას “დაუთმო”, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში მყოფ ჩისკოს ზუსტად ჩაუწოდა. “დინამოს” ესპანელმა ლეგიონერმა მეურვეებს პოზიცია მოუგო და ჩინებული “აბრაგანით” პავლოვიჩს ულამაზესი გოლი გაუტანა. მართალია სერბმა კიპერმა თავგანწირული ნახტომი გააკეთა, მაგრამ ბურთს მაინც ვერ მიწვდა, რამაც სტუმრებს დაწინაურების საშუალება მისცა – 0:1.
გაშვებულ გოლს მასპინძლები არ დაუბნევია. ისინი ნელ-ნელა დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას და 23-ე წუთზე გატანაც შეძლეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დოლიძემ ზუსტად ჩაუწოდა გეწაძეს, რომელსაც პოზიცია ზუსტად ჰქონდა შერჩეული. რეზომ მაღალ ნახტომში თავურით ლორიას ბურთის აღების შანსი არ დაუტოვა – 1:1. ცოტა ხანში ფეროელებმა მეორე გოლიც გაიტანეს. დოლიძის მიერ შესრულებული სტანდარტული თბილისელთა საჯარიმოში ჩაწოდებით დასრულდა. ბურთი წესით ლორიას იოლი ნადავლი უნდა გამხდარიყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების კიპერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რომელიც თედორე გრიგალაშვილს შეეხო, შემდეგ კი საბანაძემ დაუხვედრა ფეხი და ბურთი დედაქალაქელთა კარში შეგორდა. მართალია, გოლი ცოტა კურიოზული კი გამოდგა, მაგრამ ფაქტია, რომ “ზესტაფონმა” დაწინაურება მოახერხა – 2:1.
ანგარიშში ჩამორჩენამ ამჯერად დინამოელები გამოაფხიზლა, რომელთაგან ყველაზე აქტიურად ისევ ჩისკო ირჯებოდა. 31-ე წუთზე პირინეელმა ძლიერად დაარტყა მასპინძელთა საჯარიმოს შიგნიდან, გორგიაშვილთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მაგრამ პავლოვიჩმა ნახტომში შეძლო ურთულესი ბურთის მოგერიება. 34-ე წუთზე კი თბილისელთა ხანგრძლივი იერიში გოლით დასრულდა. საშუალო მანძილიდან ფეროელთა კარს თორნიკე გორგიაშვილი დაემუქრა, რომლის დარტყმული პავლოვიჩმა უხერხულად მოიგერია. კიპერისაგან გამოვარდნილ ბურთზე ზესტაფონელ მცველებს ჩისკომ დაასწრო, რომლის მცდელობამ ის შედეგი გამოიღო, რომ მარცვალაძეს კარგ დასარტყმელ პოზიციაზე მიუვიდა ბურთი. გამოცდილმა ფორვარდმა საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ზუსტი დარტყმით მატჩში წონასწორობა აღადგინა - 2:2.
ტაიმის დასკვნით ნაწილში ხიფათის შექმნა ორივე გუნდმა მოახერხა. ჯერ სტუმრებმა სწრაფად გათამაშებული სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ კარში დარტყმა ვერ შეძლეს საპენალტე ნიშნულიდან. ამ სიტუაციაში ჩისკოს შეეძლო მერებაშვილის გადაცემის შემდეგ გატანა, მაგრამ პირინეელს ფეხი აუსხლტა მინდორზე და მომენტიც გაუცუდდა. რაც შეეხება ფეროელებს, მათ არბიტრის მიერ დამატებულ დროში სტანდარტულიდან სცადეს ბედი. რევაზ გეწაძის ოსტატურად დარტყმული საჯარიმოს მოგერიება ლორიამ მუშტებით შეძლო.
მეორე ტაიმი გუნდებმა ისევ ცოცხლად დაიწყეს. მატჩის განახლებისთანავე დოლიძემ უპასა ფლანგიდან გეწაძეს, რომელმაც ხელსაყრელი მდგომარეობიდან დარტყმა ვერ მოახერხა. ცოტა ხანში თბილისელთა შეტევა მარცვლაძის მოჭრილი დარტყმით დასრულდა მახვილი კუთხიდან. ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და ზესტაფონელთა კარის ხარიხას მოხვდა. ამ შემთხვევაში მასპინძელთა კარის დარაჯი პავლოვიჩი უძლური გახლდათ. 52-ე წუთზე კი 100%-იან გოლს სტუმრები გადაურჩნენ. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გურულის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ახლო მანძილიდან, მაღალ ნახტომში თავით ჭანტურიშვილი ურტყამდა. გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ლორიამ სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და ბრწყინვალე ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. რამდენიმე წუთში საბანაძე ურტყამდა ძლიერად მახვილი კუთხიდან, ბურთის მოგერიება ლორიას გვარიანად გაუჭირდა. 61-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან ძარიამ დაარტყა ძლიერად და სერბ ბოიან პავლოვიჩს დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რათა ბურთი კუთხურზე მოეგერიებინა.
თვალსასეირო და სანახაობრივი პაექრობა შემდგომშიც გაგრძელდა. ზედიზედ ორჯერ დინამოელები იძულებით საკუთარ კარს დაემუქრნენ. პირველად დოლიძის ჩაწოდების შემდეგ რეხვიაშვილმა ნახტომში სცადა ბურთის მოგერიება, მაგრამ ბურთი მას ფეხზე აეჭრა და მცირე მანძილით გადაუარა თბილისელთა კარის ძელს. ცოტა ხანში კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ერთ-ერთ დინამოელს ფეხზე აეჭრა და ამ შემთხვევაში აღმოსავლელები ძელმა გადაარჩინა. 76-ე წუთზე თბილისელებს დაწინაურების 100%-იანი შანსი მიეცათ. ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილმა მერებაშვილმა ჩინებულად ითამაშა, მეურვე გრიგალაშვილი ჩინებული მოძრაობით ჩამოიშორა, მაგრამ მცველმა იგი აკრძალული ილეთით შეაჩერა. პენალტის შესრულება ჩისკომ ითავა. ეროვნული პირველობის ბომბარდირმა ძლიერად კი დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას შეეხო და მიზანს ასცდა.
თამაშის დასკვნით ნაწილში გურამ ასპინძელაშვილმა მოედანზე თორნიკე კაპანაძე გამოიყვანა, რომელიც მატჩის გმირი შეიქმნა. 81-ე წუთზე ზესტაფონელთა იერიშისას დინამოელთა მცველებს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან თავით უნდა გამოეტანათ, მაგრამ მცველთა შეუთანხმებელი მოქმედებების წყალობით ბურთი კაპანაძეს მიუვიდა. “ელვამ” ცაციათი შეუჩერებლივ დაჰკრა და ბურთი დედაქალაქელთა კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გაახვია. თბილისელთა კიპერის გიორგი ლორიას ნახტომი ამაო გამოდგა – 3:2.
დარჩენილ დროში დინამოელებს ჰქონდათ შეტევების მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოდიოდათ. მასპინძლები იოლად იგერიებდნენ მოწინააღმდეგეთა შეტევებს. ერთადერთხელ არბიტრის მიერ დამატებულ დროში მარცვალაძემ ითამაშა რამდენიმე მცველის გარემოცვაში დიდოსტატურად, მან ძნელად მისაღები ბურთი დაამუშავა ხელსაყრელი მდგომარეობიდანაც დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. შეხვედრის არბიტრის ოთარ ხეცაძის საფინალო სასტვენმა “ზესტაფონის” გამარჯვება და საინტერესო პაექრობის დასასრული გვამცნო, რასაც “დავით აბაშიძეზე” ხანგრძლივი, დამსახურებული ოვაციები მოჰყვა, რომლის ადრესატები საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წევრები იყვნენ.
მალხაზ ჟვანია (“დინამო”): “გვინდოდა დღევანდელ მატჩში გვეზეიმა ჩემპიონობა, მაგრამ არ გამოგვივიდა ამის გაკეთება. ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი გამოდგა. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, საწყენი მხოლოდ შედეგია. ჩვენი შანსები რომ გამოგვეყენებინა, მაშინ სხვა შედეგი იქნებოდა. ვისურვებდი მსგავსი ხარისხის და სანახაობის მატჩები საქართველოს ჩემპიონატში ხშირად ჩატარებულიყოს”.
გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “საინტერესო მატჩი გამოვიდა. მეტოქე პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა. მეორეში ბიჭებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს. ვფიქრობ ჩვენი გუნდი უფრო მოტივირებული იყო”.
გამოყენებულია ლევან ბაქრაძისა და დავით ჩაფიჩაძის ფოტომასალა
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 7 მაისს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის მატჩში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ ”გურიას” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.