28.04.2014
დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტური
2014 წლის 28 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, მოსიძე, გაგოშიძე, მარგველაშვილი (იელიჩი, 46), ბარბაქაძე (კანდელაკი, 56), კაკუშაძე (ეგუტიძე, 50), მაკარიძე (კალაჯიშვილი, 46), მიქელთაძე, კაპანაძე (გოგია, 66).
შეხვედრა მასპინძელთა მწვავე შეტევებით დაიწყო და უკვე 13-ე წუთისთვის ანგარიში 2-0 გახლდათ. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან გიორგი მაკარიძის მიერ გაკეთებული ზუსტი გადაცემის შემდეგ უკვე 6-ე წუთზე მასპინძლები თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა. მანვე 13-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე თორნიკე კაპანაძემ "ჰეთ-თრიკის" ავტორობა გაიფორმა - 47-ე წუთზე იგორ იელიჩის უძლიერესად დარტყმულს ბოლნისელთა გოლკიპერი ლუკა ლორია კი გაუმკლავდა, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა, სადაც პირველი ზესტაფონელთა ფორვარდი გაჩნდა. 52-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ მეოთხედ აიღო ქვემოქართლელთა კარი, 73-ე წუთზე კი თავი იონა კალაჯიშვილმა გამოიჩინა და მორიგი გოლი შემატა გუნდსა და პირად ანგარიშს. რაც შეეხება დღევანდელ უხვგოლიან შეხვედრაში დასმულ "ბოლო წერტილს ", ის 89-ე წუთზე დემურ კანდელაკმა დასვა. ზესტაფონელთა კიდევ ერთი გამარჯვება დიდი ანგარიშით - 6-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |