Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვება რუსთავში და 600 ქულა უმაღლეს ლიგაში

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 27 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" ერთმანეთს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი სანახაობრიობით დასამახსოვრებელი ვერ გამოდგა. ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და სტუმარ-მასპინძელმა სულ რაღაც 2-2 მომენტის შექმნა მოახერხეს. თავდაპირველად სახიფათო დარტყმები ზესტაფონელმა გრიგოლ დოლიძემ და რუსთაველმა გიორგი მიქაბერიძემ გაცვალეს, ტაიმის ბოლოს კი ორივე მხარეს ანგარიშის გახსნის შანსებიც მიეცა - სტუმართაგან მიზანთან ახლოს დიმიტრი ტატანაშვილი იყო, მასპინძელთა მხრიდან კი გიორგი ჩირგაძე.

 

მეორე ტაიმი უფრო კარგი საყურებელი გამოდგა. ზესტაფონელები სათამაშო ინიციატივას დაეუფლნენ და რუსთაველთა კარის გასაღების ძიებას გეგმაზომიერად შეუდგნენ. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს გახლდათ ნიკა საბანაძე, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა, შემდეგ კი ზედიზედ ორ ეპიზოდში თავის გუნდის დაწინაურებასთან ახლოს დიმიტრი ტატანაშვილი იყო, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერმა კონსტანტინე სეფიაშვილმა თავის კარის მშრალად შენახვა კვლავაც მოახერხა.

 

მეორე ნახევრის 21-ე წუთზე მომენტი ქვემოქართლელებმაც შექმნეს - მასპინძელთა კონტრიერიშისას დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ჩირგაძე აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი კარს ძალიან დიდი მანძილით ააცილა. იქვე რუსთაველები გოლის გაშვებას გადაურჩნენ - გრიგოლ დოლიძის ჩამოწოდებულის მოგერიებისას მერაბ გიგაურს ბურთი აეჭრა და “მეტალურგის” კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ნიკა საბანაძეს კარის დასალაშქრად ოდნავ დააკლდა.

 

გამარჯვების მომტანი გოლი სტუმრებმა მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე, გაიტანეს - მოედნის ცენტრთან ახლოს კარგად ითამაშა თეიმურაზ ღონღაძემ, რომელმაც "მეტალურგის" იერიში ჩაშალა და შეტევაში მარჯვენა ფლანგზე გაჭრილი გრიგოლ დოლიძე ჩართო, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მიმართულებით გაკეთებული გამჭოლი გადაცემით გიორგი ჭანკოტაძე მოძებნა. ზესტაფონელთა ნახევარმცველმა ქვემოქართლელთა მცველი ერთი მოძრაობით ტექნიკურად ჩამოიშორა და ბურთი უძლიერესი დარტყმით კარის ბადეში გადაგზავნა.

 

დარჩენილ დროში, თუ არ ჩავთვლით გიორგი ფანცულაიას სახიფათო დარტყმას, აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა და სტუმრებმა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს - 1-0. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული 3 ქულის წყალობით, საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადღეისოდ ჩატარებულ 316 მატჩში მოპოვებულ ქულათა ჯამი 600-ან ნიშნულამდე გაზარდა.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე: “ყოველთვის სასიამოვნოა, თამაშს რომ მოიგებ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. საუბარი იმაზე, რომ რუსთაველები უმოტივაციოდ არიან, გადაჭარბებულია. სასიამოვნო გუნდი ვიხილეთ. მეტოქის ფეხბურთელთა უმრავლესობის შესაძლებლობას ვიცნობდი. ჩვენ უფრო იღბლიანები აღმოვჩნდით”.

 

 

27.04.2014. ”მეტალურგი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

 

გამოყენებულია ფოტომასალა საიტიდან www.worldsport.ge

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 3 მაისს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის მატჩში იმერლები ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის ”დინამოს” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014