Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ირაკლი ქობალიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ირაკლი ქობალია
 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე პირველობის პირველი ეტაპის მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფორვარდმა ირაკლი ქობალიამ, რომლის ანგარიშზე მარგველთა მაისურით გამართული 8 შეხვედრა და 4 გატანილი გოლია, მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

 

იმერელთა თავდამსხმელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაუზიანდა. ამის გამო ქობალია გუნდს არც ზამთრის საწვრთნელ შეკრებაზე გაჰყოლია და არც ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის მსვლელობისას გამოჩენილა მოედანზე.

 

2014 წლის 25 აპრილს საქართველოში საგანგებოდ ჩამოსულმა გერმანელმა სპეციალისტმა ალბერტ გუზბახერმა, რომელიც გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ექიმი გახლავთ, სამედიცინო კლინიკა "ტრავმატოლოგში" ირაკლის ოპერაცია გაუკეთა. ოპერაცია, რომლის გაკეთებაშიც გერმანელ ორთოპედს ქართველი სპეციალისტი გიორგი ოგბაიძე ეხმარებოდა, წარმატებით ჩატარდა.

 

დღეს კლინიკაში მყოფი პაციენტი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მოინახულა. წინ ირაკლი ქობალიას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. ჩვენ კი გუნდის "თერთმეტ" ნომერს გამოჯანმრთელებასა და მინდორზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ!

 

გთავაზობთ ირაკლი ქობალიას მცირე კომენტარს, რომელიც მან ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალურად ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდისთვის გააკეთა: "პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას, რომელმაც ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯები მთლიანად დაფარა... ვიცი, რომ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება და ჩემგან ბევრ შრომას მოითხოვს... ძალიან მომენატრა ბურთი და მწვანე მინდორი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, მეც მალე ჩავდგები მწყობრში და ჩვენი გუნდის ერთგულ ქომაგს გატანილი გოლებით კიდევ ბევრჯერ გავახარებ".

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014