Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

რუსთაველებთან მატჩის წინ სათქმელი

 

 

 

 

 

 

 

 

კვირას, 27 აპრილს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" გასამართ საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე წრის სასტარტო, რიგით კი ოცდამერვე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი ადგილობრივ "მეტალურგს" ესტუმრება.

 

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და რუსთაველებს ("ოლიმპი" და "მეტალურგი") ერთმანეთში 24 მატჩი აქვთ გამართული. უნდა შეგახსენოთ, რომ აქედან ერთ შეხვედრაში შედეგი არ დაფიქსირებულა - ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 10-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. რა გასაკვირია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში უპირატესობა იმერელ ფეხბურთელთა მხარესაა - 25:16.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში რუსთავურ-ზესტაფონური "დუელი" სამჯერ შემდგარა. უპირატესობა სათასო მატჩებშიც მარგველთა მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში მათ 4-ში იმარჯვეს, 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

 

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან გატანილი გოლებით ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს დაუმწუხრებია - დღესდღეობით აზერბაიჯანული "ყარაბახის" ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით - 8). ჯაბა დვალს "ოლიმპისა" და "მეტალურგის" კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით - 4).

 

რუსთავში 27 აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ეროვნული კატეგორიის ხობელი არბიტრი ჯენერი ხორავა იმსაჯებს, 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა "მეორე არხის" ეთერშია შესაძლებელი, ხოლო პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014