24.04.2014
დუბლიორთა ტურნირის ოცდამერვე ტური
2014 წლის 24 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამერვე ტურის მატჩები. ქალაქ თბილისში, საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკის” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, ჭურაძე, გელაშვილი, მოსიძე, ახალაძე (ჩუბინიძე, 83), მარგველაშვილი (კალაჯიშვილი, 69), მაკარიძე (ბარბაქაძე, 79), ეგუტიძე (კვარაცხელია, 56), კაკუშაძე, კანდელაკი (გოგია, 54), მიქელთაძე.
ცხინვალის "სპარტაკის" დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება სტუმართათვის მიმდინარე სეზონის მსვლელობისას განცდილი ყველაზე მტკივნეული მარცხით 2-8 დასრულდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ. თავის მხრივ, ცხინვალელები იმერელთა აქტიურობას სწრაფი და თანაც შედეგიანი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. მასპინძელთა ასეთი ტაქტიკური ჩანაფიქრი შესვენებისათვის იოსებ ჩახვაშვილის მიერ 2-ე და 35-ე წუთებზე შესრულებულ დუბლსა და ბექა მუმლაძის (27-ე წუთი) გოლში იქნა გარდასახული.
მეორე ტაიმის დებიუტში (53-ე წუთი) ბექა მუმლაძემ კიდევ ერთხელ დასაჯა შეტევაში გართული ზესტაფონელები, თუმცა 60-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ მოახერხა სოსლან ნანიევის კარის აღება და ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა. თავის მეტოქესთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდა იმერლები საბოლოოდ დავით ჩიგოევის მიერ მატჩის 67-ე და 71-ე წუთებზე შესრულებულმა დუბლმა გატეხა. 74-ე წუთზე დავით კუპატაძის კარი ნიკა მაგრაქველიძემაც აიღო. მართალია, 86-ე წუთზე იონა კალაჯიშვილმა მოახერხა ანგარიშში სხვაობის მცირედით შემცირება, თუმცა დღევანდელ უხვგოლიან მატჩში ბოლო სიტყვა მაინც ცხინვალელებმა თქვეს - 89-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან კიდევ ერთი გოლი გივი შალამბერიძემ გაიტანა...
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |